in

Google-ის რობოტი, რომელმაც ძაღლივით სიარული და საკუთარ კუდთან თამაში ისწავლა

veon
veon

Google-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში ვკითხულობთ ოთხფეხა რობოტზე, რომელმაც ნამდვილი ძაღლის მოძრაობებზე დაყრდნობით, ცხოველის გადაადგილების ტაქტიკები ისწავლა. ისწავლა იმდენად, რომ მას ეფექტურად იმეორებს. ეს უკანასკნელი რობოტების სამუშაო თუ სხვა სივრცეებში ყოველდღიურად გამოყენებას უფრო რეალურს ხდის, რადგან ის, რაც რობოტებს ჩვენს ყოველდღიურობაში ინტეგრირებაში უშლის ხელს, ხშირად, სწორედ რომ გადაადგილებისას გამოვლენილი რობოტული მოუქნელობაა.

აქამდე ვწერდით, რომ რობოტისთვის მოქნილი გადაადგილების სწავლება ადამიანური რეფლექსების/მოძრაობების დახმარებით იყო შესაძლებელი. ასევე, ვწერდით იმასაც, რომ მათ გადაადგილების სწავლა დამოუკიდებლადაც შეეძლოთ. შესაბამისად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცოცხალი ორგანიზმის მოძრაობაზე დაკვირვება და იმიტირება რობოტისთვის შესაძლებელია. ეს მეთოდი საკმაო ხანია არსებობს, თუმცა, ამას ვიდეოს გამოყენებით ნაკლებად აკეთებდნენ. ამჯერად, Google-ის რობოტმა, ძაღლის ვიდეოზე დაყრდნობით, მის მსგავსად სირბილი, სიარული და საკუთარი კუდის დევნაც კი ისწავლა.

ეს შემდეგნაირად მოხერხდა. დასაწყისისთვის, ვიდეოში არსებული კადრები ხელოვნურმა ინტელექტმა გააანალიზა და ანიმაციად გარდაქმნა. შემდეგ სისტემამ ანიმირებული ვიდეოს თითოეული კადრი „ნახა“. სპეციალურმა ალგორითმმა კი შეიმუშავა მოძრაობის ის ტაქტიკები, რომელიც გადაადგილებისთვის გამოსადეგი იყო. ასე შეიქმნა ერთგვარი მონაცემთა ბაზა – მოძრაობების ნაკრები, რომელთა გამეორებაც სისტემას/რობოტს ნებისმიერ დროს შეუძლია.

რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ Google-ის ამ რობოტმა ნამდვილი ძაღლისგან ისწავლა მოძრაობები, ის მაინც ნაკლებდახვეწილია, ვიდრე ბიოლოგიური ორგანიზმი. თუმცა, კვლევები გრძელდება და სავარაუდოდ, რობოტები ცოცხალი ორგანიზმების მსგავს, მოქნილ გადაადგილებას მალე, უფრო კარგად აითვისებენ.

Wunderman Thompson-მა კამპანიაში კარის გაღებით შექმნილი მელოდია გამოიყენა

გიორგი პოპიაშვილის ილუსტრაციები ღვინის ორი სხვადასხვა ბრენდის ეტიკეტზე