18
Sep
2019

Google-ის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც კანის 26 ტიპის დაავადების ამოცნობა შეუძლია

18 Sep 2019

veon
veon


მსოფლიოში, 1.9 მილიარდი ადამიანს აქვს, ან ცხოვრების რაღაც პერიოდში ჰქონია კანის დაავადება. თუმცა, ევროპისა და შეერთებული შტატების საავადმყოფოების დიდ ნაწილში არ არიან საკმარისი რაოდენობით დერმატოლოგები. მაგალითად, ამერიკაში, კლინიკაში გამოცხადებულ პაციენტთა 37%-ს ჰქონია კანის დაავადება და მათ ნახევარზე მეტს, მოუხდა არადერმატოლოგ თერაპევტთან კონსულტაციის გავლა. რა თქმა უნდა, რთულია ასეთ დროს დიაგნოზის სიზუსტის გარანტიის მიღება. აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი Google-მა ხელოვნური ინტელექტის შექმნით იპოვა.

ალგორითმს, კანის ფოტოსა და სიმპტომების აღწერაზე დაყრდნობით, კანის 26 დაავადების დიაგნოსტირება შეუძლია. მის გასაწვრთნელად კანის დაავადების 17 777 შემთხვევა გამოიყენეს. ნიმუშები აღებული იყო იმ არაიდენტიფიცირებადი პაციენტებისგან, რომლებმაც 2010-დან 2017 წლამდე მიმართეს კლინიკებს. ხოლო 2017-2018 წლის მონაცემები შეფასებისთვის იყო გამოყენებული. ალგორითმის Deep Learning System (DLS) კი 50 000 დიაგნოზისგან შედგებოდა, რომელიც 40 დერმატოლოგის მიერ იყო დასმული. ალგორითმის მესამე გამოცდამ 93%-იანი აკურატულობა აჩვენა. რაც ნიშნავს, რომ ალგორითმს შეუძლია უფრო ზუსტი დიაგნოზი დასვას, ვიდრე არადერმატოლოგ ექიმს.

Google ჯერ კიდევ ხვეწს ალგორითმს. უცნობია, იგეგმება, თუ არა მისი გამოყენება აშშ-სა თუ ევროპის კლინიკებში, თუმცა, Google-ში ამის იმედი აქვთ. ცხადია, პირველ ეტაპზე ალგორითმს წინასწარი დიაგნოსტირებისთვის გამოიყენებენ.

 

განხილვა