Google-მა სულ ახლახან გაგვიზიარა ოთხი ახალი თამაში, რომლებიც ე. წ. ხელოვნებისა და კულტურის ლაბორატორიაში გუნდმა AI-ის გამოყენებით შექმნა. ეს ყველაფერი კი Google Bard-ის ექსპერიმენტს მოჰყვა — გენერაციულ AI-ს, რომელიც ზუსტად იმიტომ ჩაეშვა, რომ Microsoft Bing Chat-ისთვის კონკურენცია გაეწია…
პირველ თამაშს XYZ Toy-ს სახელით გვაცნობენ — თქვენ აქ დაგხვდებათ შეტყობინება, რომელიც AI-ის მიერ გენერირებული ასოების სურათებისგან შედგება. ეს ასოები კი, თავის მხრივ, რაღაცისგან არის შექმნილი. თქვენი ამოცანა კი სწორედ ამის დადგენაა, ბუნებრივია, კლავიატურის დახმარებით. როგორც ამბობენ, აქ ისეთ ასოებს შეხვდნენ, რომლებიც შეადგენდნენ სიტყვებს: წიაღისეული საწვავი, პორტი, ბადრიჯანი.
კლასიკური Hangman-ის თამაშის მსგავსად, აქაც გეცოდინებათ, რამდენად გრძელია პასუხი. ასოების შეყვანას ნებისმიერი თანმიმდევრობით მოახერხებთ, თუმცა თუ ერთი ბგერა რამდენჯერმე მეორდება, თქვენ ერთჯერადად მხოლოდ ერთის შევსებას მოახერხებთ. სიტყვის გამოცნობისას რამდენიმე არასწორი პასუხიც გეპატიებათ. ასე რომ, თუ ახალ ფაზლს ეძებდით, ეს ზუსტად ის შეიძლება იყოს.
ახლა კი მეორე თამაშზე გადავინაცვლოთ, Odd One Out ხელოვანთა თამაშია, რომელიც შემდეგ გამოწვევას გთავაზობთ: თქვენ ნამდვილ ხელოვნების ნიმუშში დამალული AI-ს მიერ გენერირებული დეტალი უნდა იპოვოთ. დრო ჩართულია და მხოლოდ 4 სიცოცხლე გაქვთ. როგორც ამბობენ, გამოწვევა საკმაოდ რთულია, თუმცა ერთ მინიშნებას მოგცემთ: თუ სურათი აბსტრაქტულად გამოიყურება, იგი, სავარაუდოდ, არ იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, რადგან გენერაციულ პროგრამას ეს ნაკლებად შეუძლია…
Un-Dough-ს ჯერიც დადგა — თამაშში AI-ის მიერ გენერირებული ღირსშესანიშნაობებისა თუ ძეგლების ფოტოებს გაჩვენებენ, რომლებიც ხელოვნურმა ინტელექტმა ფერადი ცომით დაფარა, თქვენ კი უნდა გამოიცნოთ, რა არის ეს. ჩვეულებრივ სიტყვაში ასოებს იცნობთ, ყოველი წარმატებული სვლის შემდეგ კი, ფოტოს რეალური ნაწილი ჩნდება. ძალიან სახალისო გამოცდილებას გპირდებათ, მაგრამ ფაზლების მოყვარულები თვლიან, რომ ზედმეტად მარტივია.
დაბოლოს, თუ თავსატეხები არც ასე ძალიან გიყვართ, Google სიჩქარეში ვარჯიშს გთავაზობთ. Haiku Imagined აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე ჰაიკუს პოემებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მუსიკის, ვიდეოს და შრიფტების გამოყენებით ანიმაციური გახდა…