Google-ის თანადამფუძნებლებს ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს ძალიან უყვარდათ ხუმრობები. ამიტომაც, უჩვეულო იდეების გაჟღერებას ყოველწლიურად პირველ აპრილს ამთხვევდნენ — მაგალითად, ერთ წელს კომპანიამ მთვარეზე, კოპერნიკის კვლევით ცენტრში გამოაცხადა ვაკანსია. შემდეგ კი ხალხს ამცნო, რომ საძიებო სისტემაში „scratch and sniff“ ფუნქციის დამატებას აპირებდა.
ხუმრობები იმდენად გადაჭარბებული იყო რეალობას, რომ დროთა განმავლობაში გაოგნების ნაცვლად, ყველამ ამით გართობა დაიწყო. თუმცა 20 წლის წინ სწორედ პირველ აპრილს დაემთხვა Gmail-ის დაანონსება — პეიჯმა და ბრინმა იცოდნენ, რომ არავინ დაიჯერებდა მსგავსი სისტემის არსებობას… მაშინ თითოეულ ანგარიშს მხოლოდ ერთი გიგაბიტი მეხსიერება ჰქონდა, რაც დღევანდელ ეპოქაში ძალიან ცოტად გვეჩვენება, მაგრამ მაშინ სრულიად მოულოდნელი ინოვაცია იყო. უფრო კონკრეტულად, იმ დროისთვის წამყვან ვებ-ფოსტის სერვისებში — Yahoo-სა და Microsoft-ზე — მხოლოდ 30-დან 60-მდე ელ.წერილის შენახვა შეიძლებოდა; ხოლო Gmail 13 500-ს იტევდა.
მეხსიერებაში კვანტური ნახტომის გარდა, Gmail ასევე აღჭურვილი იყო Google-ის საძიებო ტექნოლოგიით, რათა მომხმარებლებს სწრაფად შესძლებოდათ ძველი მეილებისა და სასურველი ინფორმაციის პოვნა. ასევე, ის ავტომატურად აკავშირებდა ერთსა და იმავე თემაზე არსებულ მიმოწერას.
„ჩვენ მიერ შექმნილი პირველი საკომუნიკაციო არხი სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობოდა: შენახვას, ძიებას და სისწრაფეს“, — აღნიშნა გუგლის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარისა მაიერმა. ეს იმდენად დამაფიქრებელი კონცეფცია იყო, რომ ადამიანები არ იჯერებდნენ მის რეალურობას. ცხადია, კომპანიისთვის დამატებით მარკეტინგულ ხაზად იქცა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომლის არსებობასაც ვერ წარმოიდგენდნენ. საბოლოოდ, სწორედ ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი, როდესაც ხალხის წარმოდგენა სრულად შეიცვალა ამ ტიპის აპლიკაციების შესახებ.
ამჟამად Gmail-ს დაახლოებით 1,8 მილიარდი აქტიური ანგარიში აქვს — თითოეული კი 15-გიგაბაიტიან უფასო მეხსიერებას გთავაზობს, Google Photos-თან და Google Drive-თან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ეს 15-ჯერ აღემატება პირვანდელ მეხსიერებას, ბევრი მომხმარებლისთვის მაინც არაა საკმარისი. ამიტომაც, დამატებით გიგაბიტებს ყიდულობენ.
ელექტრონული ფოსტის, ფოტოებისა და სხვა კონტენტის ციფრულად შენახვა არის მიზეზი იმისა, რომ Google, Apple და სხვა კომპანიები ახლა სწორედ დამატებითი მეხსიერების უზრუნველყოფით შოულობენ ფულს. „ვცდილობდით, ხალხის აზროვნება შეგვეცვალა, რადგან ხალხი იმდენ ხანს მუშაობდა მცირე მეხსიერების მოდელებზე, რომ წაშლა ნაგულისხმევ ქმედებად იქცა“, — ამბობს პოლ ბუხეიტი, კომპიუტერული ინჟინერი, რომელიც Gmail-ის შექმნაზე მუშაობდა.












