Google-მა ახალი AI მახასიათებელი შეიმუშავა და Arts and Culture-ის აპლიკაციაში ჩააინტეგრირა. საუბარია Art Selfie-ის გაუმჯობესებულ ვერსიაზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი სხვადასხვა ეპოქაში, ამა თუ იმ პერსონაჟად წარმოიდგინონ.
ტექნიკურმა გიგანტმა Art Selfie 2-ით ხელოვნებისა და ისტორიის სამყარო ჩვენი რეალობის ნაწილად აქცია. ამისთვის კი ხელოვნური ინტელექტის „მზარდი მაგია“ გამოიყენა. ცოტა უკეთ რომ ავხსნათ, სისტემა კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიას იყენებს, რასაც თან ურთავს კლასიკურ ნამუშევრებს. ამ კონცეფციაზე დაყრდნობით, მომხმარებელთა სელფები სხვადასხვა ეპოქის ნაწილად იქცევა.
იტალიური რენესანსის წარმომადგენელი, შექპირის მსახიობი, რომაელი გლადიატორი, შუასაუკუნეების რაინდი ან ეგვიპტელი ფარაონი… ხელსაწყო საშუალებას გაძლევთ, ამ დროებში იმოგზაუროთ. ასევე, შესაძლებელია ნამუშევრების კომპოზიციებში მოხვედრაც — მაგალითად, მონეს ბაღში ან რემბრანდტის ღამის გუშაგებს შორის.
გარდა ამისა, აპლიკაციაში შესაძლებელია სტილისტური ტრანსფორმაციების განხორციელებაც — თითოეული მათგანი შთაგონებულია ვერმეერის ნამუშევრით გოგონა მარგალიტის საყურით, ჰოკუსაის დიდი ტალღით, ფრიდა კალოს პორტრეტებით და ა. შ. მთლიანობაში, ხელმისაწვდომია 25-ზე მეტ სტილში.
როგორც გუგლის წარმომადგენლები განმარტავენ, მთავარი მიზანი საგანმანათლებლო ინსტრუმენტის ჩამოყალიბებაა. ამიტომაც, ფუნქციონირება მხოლოდ ფოტოების დაგენერირებით არ შემოიფარგლება, არამედ თემატურ საინტერესო ფაქტებს აზიარებს ხელოვნების, ისტორიული პერიოდებისა და მოძრაობების შესახებ.