ამბავი ასეთია: წლის ბოლოსთვის ანდროიდზე Google Assistant-ს Gemini ჩაანაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აღარ იქნება ხელმისაწვდომი მობილურ მოწყობილობებსა თუ აპლიკაციებში.
„მეტიც, ჩვენ Gemini-ით განვაახლებთ პლანშეტებს, მანქანებსა და მოწყობილობებს, რომლებიც თქვენს ტელეფონს უკავშირდება, ყურსასმენებსა და საათებს, შემოგთავაზებთ ახალ გამოცდილებებს დინამიკებზე, ეკრანებსა თუ ტელევიზორებზე, ეს ყველაფერი კი Gemini-ის დახმარებით მოხდება“, — ვკითხულობთ გუგლის ბლოგ-პოსტში.
უფრო მეტ დეტალს ამ ამბის შესახებ მომდევნო თვეებში გაგვაცნობენ, მანამდე კი Assistant ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას.
როგორც აღნიშნავენ, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს მუშაობდნენ Gemini-ის სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამიტომ. რამდენიმე ახალი ფუნქციაც დაემატა მას, მათ შორის მუსიკის ჩართვის, წამმზომის გააქტიურებისა და დაბლოკილი ეკრანის კონტროლის შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ გუგლისგან ეს ნაბიჯი არც გასაკვირი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Pixel 9-ის ხაზი Gemini-ით შემოგვთავაზა. თანაც, გვითხრა, რომ Gemini-ის სულ მცირე თეორიულად მაინც Assistant-ზე მეტი შესაძლებლობა აქვს, შეუძლია, დაგეხმაროთ ან ინფორმაცია მოგაწოდოთ ისეთი ხელსაწყოებით, როგორებიც Gemini Live და Deep Research გახლავთ.