Google-ს სურს, ხარისხი შეინარჩუნოს, ამიტომ Assistant-იდან 17 ნაკლებად გამოყენებულ ფუნქციას წაშლის. თუ 26 იანვრიდან მომხმარებელი მათგან ერთ-ერთს მოითხოვს, მიიღებს შეტყობინებას, რომ იგი კონკრეტული თარიღის შემდეგ ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამ სიახლეს კი მას შემდეგ გვაცნობენ, რაც პლატფორმის ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს…
უფრო კონკრეტულად, მალე Google Assistant-ში ვეღარ შეძლებთ:
- Google Play Books-იდან აუდიოწიგნების ჩართვასა და კონტროლს თქვენი ხმით — ტელეფონით კვლავ შესაძლებელი იქნება.
- მედია, მუსიკა თუ აუდიო შეტყობინებების დაყენებას იმ მოწყობილობებში, რომლებშიც Google Assistant-ია ხელმისაწვდომი — Routine-ით სარგებლობას, რაც მსგავს ფუნქციას გთავაზობთ, და ჩვეულებრივი მაღვიძარის გამოყენებას კვლავ მოახერხებთ.
- თქვენი რეცეპტების წიგნზე წვდომასა და მართვას, რეცეპტების მოწყობილობებში გადატანას, ვიდეოს ჩართვას ან ეტაპობრივად რეცეპტების ჩვენებას — Google Assistant-ის გამოყენება სასურველი რეცეპტების ვებგვერდებზე ან YouTube-ზე მოსაძებნად კვლავ შეგეძლებათ.
- წამმზომის მართვას Smart Display-დან ან Speakers-იდან — ტაიმერისა და მაღვიძარების დაყენებაზე შეზღუდვა არ მოქმედებს.
- ხმის გამოყენებას, რათა დაუკავშირდეთ მოწყობილობას ან აჩვენოთ შეტყობინება Google Family Group-ში — სახლის სხვა მოწყობილობებში ეს შესაძლებელი იქნება.
- თქვენი ხმის გამოყენებით ელ.ფოსტის, ვიდეო ან აუდიო შეტყობინების გაგზავნას — ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნება.
- Google Calendar-ში თქვენი ხმით ღონისძიების გადატანას — ახალი ღონისძიები დაგეგმვას კვლავ მოახერხებთ.
- App Launcher-ის გამოყენებას Google Assistant-ის მართვის რეჟიმზე Google Maps-ში, რათა წაიკითხოთ და გაგზავნოთ შეტყობინებები, განახორიელოთ ზარები და ისარგებლოთ Control Media-ს ფუნქციით — Google Maps-ში Voice Control-ის გამოყენებას კვლავ ძველებურად შეძლებთ.
- დაგეგმვასა ან დაგეგმილის გაცნობას Family Bell-ის შეტყობინებებისგან — ანალოგიური ქმედებისთვის Routine-ის გამოყენებას გვთავაზობენ.
- მოითხოვოთ მედიტაცია Calm-თან ერთად — ეს ისეთი მედიაპროვაიდერებით იქნება შესაძლებელი, როგორიცაა მაგალითად YouTube.
- Voice Control-ის გამოყენებას ისეთი აქტივობებისთვის, რომლებიც აღარ არის ხელმისაწვდომი Fitbit Sense-ისა და Versa 3-ის მოწყობილობებში — თქვენს მოწყობილობაში ღილაკების გამოყენება დაგჭირდებათ, რათა დაიწყოთ, გამორთოთ, დააპაუზოთ ან შეაჯამოთ აქტივობები. თუმცა Pixel Watch-ზე Voice Control-ის გამოყენებას კვლავ შეძლებთ.
- ძილის აქტივობის ნახვას მხოლოდ Google Smart Display-ზე — მესამე მხარის ჭკვიანი საატებიდან ძილის შესახებ დეტალების კითხვას კვლავ მოახერხებთ.
- Smart Display-სა და სპიკერებიდან განხორციელებული ზარების ნახვას, თუ Duo-ს არ გამოიყენებთ.
- Commute to Work-ის გამოყენებას Smart Display-ზე, თუმცა ეს ხმით მაინც შეგიძლიათ მოითხოვოთ.
- პირადი მოგზაურობის მარშრუტების ხმით შემოწმებას — ფრენის სტატუსის მოთხოვნას კვლავ მოახერხებთ.
- ინფორმაციის მოთხოვნას თქვენს კონტაქტებზე — მათთან ზარების განხორციელება კვლავ შესაძლებელი იქნება.
- კონკრეტული ქმედებების მოთხოვნას ხმით, იქნება ეს გადასახადების გადახდა, ჯავშნების გაკეთება თუ სოციალურ მედიაში დაპოსტვა — Assistant-ს შეგიძლიათ, თქვენ მიერ დაინსტალირებული აპლიკაციების გახსნა სთხოვოთ.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მიკროფონის ნიშნული Google-ის აპლიკაციაში ახლა, თქვენი მოთხოვნების საფუძველზე, ძიების შედეგებს მოგაწვდით. თუმცა ამ ცვლილებით ვერ მოახერხებთ განათების ჩართვას ან შეტყობინების გაგზავნას. Pixel Search-ის ჩანართი კი, Assistant-ის ნაცვლად, Voice Search-ს გაააქტიურებს…