უკვე რამდენიმე წელია, ტექნოლოგიურ სამყაროში ვირტუალური და გაფართოებული რეალობისადმი Google-ს ძლიერ დაინტერესებაზე საუბრობენ. მოსაზრებას, რომ გიგანტი ამ მიმართულებით განვითარებას სრული სერიოზულობით ფიქრობს, ახლად გავრცელებული ინფორმაცია კიდევ უფრო აღრმავებს — Google უახლეს AR სათვალეზე მუშაობს. პროექტის სახელია Iris და ის, სავარაუდოდ, 2024 წელს დასრულდება.
წინამორბედი პროტოტიპებისგან განსხვავებით, ახალ სათვალეს გარე მოწყობილობასთან დაკავშირება არ დასჭირდება. Iris-ს, სავარაუდოდ, Google Tensor-ის მსგავსი, თავად კომპანიის მიერ დამზადებული, ჩიპზე ჩაწერილი პროცესორი გამოკვებავს. ინოვაციურ სათვალეს გრაფიკული მონაცემების დისტანციურად მიღება, ინტერნეტთან კავშირის მეშვეობით, გუგლის ინფორმაციის ცენტრებიდან შეეძლება.
ეს Google Stadia-ს პრინციპია — შესაძლებლობა, გაუშვათ კომპიუტერული თამაში ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელიც Google cloud-თანაა დაკავშირებული. ასეთი მექანიზმი ინოვაციურ სათვალეს, სტანდარტულთან შედარებით, გაცილებით დიდ გრაფიკულ შესაძლებლობებს მისცემს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Google-ის ახალ პროექტზე ამჟამად დაახლოებით 300 ადამიანი მუშაობს, თუმცა კომპანია კიდევ ასეულობით ადამიანის დასაქმებას აპირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტს სათავეში ქლეი ბავორი უდგას. იგი აქამდე ვირტუალური სათვალის Google Daydream VR-ისა და Google Cardboard-ის პროექტებს ხელმძღვანელობდა.