21
Jun
2019

როგორი უნდა იყოს საუკეთესო ხელმძღვანელი – Google-ის შეფასება

21 Jun 2019

კომპანიები, როგორც წესი, დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ იმისთვის, რომ კარგი თანამშრომლები აიყვანონ, შემდეგ კი – შეინარჩუნონ. თუმცა, არსებობს ერთი უპირობო ჭეშმარიტება – თუკი კარგ თანამშრომლებს კარგი ხელმძღვანელი არ ჰყავთ, ერთ დღესაც ყველა გააცნობიერებს, რომ აქ მუშაობა არ უნდათ. ერთი სიტყვით, ყველაფერი ხელმძღვანელიდან იწყება და ბოლოს, ყველა გზაც მისკენ მიდის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში “გუგლი” საკუთარ სამუშაო სტრუქტურას იკვლევდა. იკვლევდა იმასაც, თუ რა ხდის ხელმძღვანელს საუკეთესოს და როგორ შეიძლებოდა, საკუთარი ხელმძღვანელები ასეთად ექცია. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ამ კვლევის შემდეგ მთავარი არა ტექნიკური უნარები, არამედ ემოციური ინტელექტი აღმოჩნდა. ემოციურ ინტელექტში კი ვგულისხმობთ იმგვარ ქცევას ან გაცდას, როგორებიცაა ემპათია, სხვისი მდგომარეობის გაგება, მოსმენა, მოკლედ რომ ვთქვათ, სხვის ემოციებზე ზრუნვა.

სწორედ ამ 10 წელიწადზე დაყრდნობით კორპრაციამ საკუთარი დასვკნები გამოიტანა და ჩვენც გაგვიაზიარა. და მაინც, როგორი ქცევები უნდა ახასიათებდეს საუკეთესო ხელმძღვანელს? Google-ის ჩამონათვალი ასეთია:

კარგი მწვრთნელია

ყველასთვის კარგად ნაცადი პრაქტიკაა პრობლემის იმ წამშივე გადაჭრა, რა წამშიც წამოიჭრა ეს პრობლემა. თუმცა, ხშირად ასე არ ხერხდება. კარგი ხელმძღვანელები მსგავს მომენტებს გაკვეთილად/მაგალითად იყენებენ და ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი ისწავლონ მათგან.

ისინი თავიანთი თანამშრომლებისთვის გიდის ფუნქციას ასრულებენ და უზიარებენ თავიანთ ხედვებს. სწორედ ეს ხდის უფროსისა და დაქვემდებარებული პირის ურთიერთობას სასიამოვნოს – ისინი ერთად გადიან იმ გამოცდილებას, რომლისგანაც ბევრს სწავლობენ.

აძლიერებს გუნდს და არ იძიებს წვრილმანებს

წვრილმანებში ჩაძიება, ბუნებრივია, არც ერთ თანამშრომელს სიამოვნებს. ასეთ დროს ისინი თავს უხერხულად და უსიამოვნოდ გრძნობენ. კარგი ხელმძღვანელები კი მსგავსი შემთხვევების წინაშე არ დგებიან. პირიქით, ისინი თანამშრომლებს საკმაო თავისუფლებას აძლევენ – მიჰყვნენ თავიანთ იდეებს, დაუშვან შეცდომები და წავიდნენ რისკებზე. გამოცდილებაც ხომ, რეალურად, სწორედ ესაა. ასევე, ამგვარი ხელმძღვანელები ცდილობენ, თანამშრომლებს რაც შეიძლება, მოქნილი და კომფორტული სამუშაო გრაფიკი და გარემო შეუქმნან.

კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს

საუკეთესო მენეჯერები საუკეთესო მსმენელები არიან. სწორედ ეს თვისება ეხმარებათ მათ, გაიგონ, რა უჭირს და რა ულხინს საკუთარ გუნდს. ასევე, მათ იციან, რომ ცოდნა ძალაა და სწორედ ამიტომ, მუდმივად ცდილობენ. გუნდის წევრებს თავიანთი ცოდნა გაანდონ/გაუზიარონ. ეს ასევე ეხმარებათ იმაშიც, რომ თანამშრომლებმა უკეთ გაიგონ, რატომ იქცევიან თავიანთი მენეჯერები ისე, როგორც იქცევიან.

გადაწყვეტილებების კარგი მიმღებები არიან

კარგი ხელმძღვანელები არ არიან იმპულსურები. ისინი გადაწყვეტილებას ცხელ გულზე არ იღებენ, პირიქით – ფაქტებისა და მოვლენების გათვალისწინებით, ცდილობენ რაციონალურ გამოსავლამდე მივიდნენ. განიხილავენ ბევრ პერსპექტივას, თუ რა შეიძლება, მოყვეს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. შემდეგ კი, მიღებულ გადაწყვეტილებას სხვებსაც გაანდობენ ხოლმე.

გუნდის მიმართ სწორი ხედვა აქვს შემუშავებული

კარგმა მენეჯერებმა ყოველთვის იციან, რა სტადიაზე იმყოფება მათი გუნდი კონკრეტულ მომენტში – რა გამოწვევების წინაშე დგანან თანამშრომლები, რისი მიღწევა სურთ და როგორ უნდა მოხვდნენ იქ, სადაც უნდათ, რომ იყვნენ. ყველაფერ ამაში მენეჯერი ყოველთვის მხარში უდგას საკუთარ თანამშრომლებს.

მენეჯერის მიერ შემუშავებულ სტრატეგიასა და ხედვას თანამშრომლები დამოუკიდებლად არ მიჰყვებიან – ისინი იღებენ მუდმივ უკუკავშირსა და შენიშვნებს მისგან. ხელმძღვანელი აძლევს ზუსტ და დროულ მიმართულებას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თანამშრომლები ამა თუ იმ მომენტში/შემთხვევაში. მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას გუნდი არ აღიქვამს ისე, რომ ეს მხოლოდ მათი ვალდებულებაა – ესაა გზა, რომელსაც ხელმძღვანელთან ერთად გაივლიან.

დროისა და ენერგიის სიმცირე ისაა, რასაც მენეჯერები ყოველთვის განიცდიან – არაა მარტივი, მართო გუნდი, თანაც, თუ ამას მთელი შემართებით აკეთებთ. თუმცა, ემპათიისთვის და ადამიანური გრძნობების გასაზიარებელი 10 წუთი თითქმის ყოველთვის მოინახება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა იმისა, რომ გუნდმა დაკისრებული ვალდებულებები ვალდებულებებად არ აღიქვას და თუნდაც თქვენი პატივისცემისა და დამოკიდებულების გამო აკეთოს კარგად თავისი საქმე.

წყარო: Inc



განხილვა