Google Chat-ს 7 ახალი ფუნქცია ემატება და ბიზნესზე ორიენტირებული პლატფორმის იმიჯიდან ცოტა სხვაგვარზე გადადის — როგორც ამბობენ, უფრო მეტად WhatsApp-ს დაემსგავსება.
გულწრფელად რომ ვთქვათ, განახლების უმეტესი ნაწილი საკმაოდ ძირითადი ხელსაწყოებისგან შედგება, რომლებიც ჩვეულებრივ მსგავს სერვისებზე გვხვდება — ყველგან, სადაც მეგობრებთან და ნაცნობებთან საუბარი შეგვიძლია. შესაბამისად, ამიერიდან Google Chat-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეტყობინებები დაარედაქტირონ ან წაშალონ; ასევე, ჯგუფური ჩატებისთვის საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციაც გამოჩნდება, რაც კონკრეტულ მესიჯზე პასუხის გაცემას გულისხმობს (ე. წ. reply).
გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება იმ ჩატების არქივში გადატანა, რომლებიც სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში უმოქმედო იყო.
მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სულ მალე მომხმარებლები იმასაც ნახავენ, როდის წაიკითხა ადრესატმა შეტყობინება, ვინ არის მოცემულ მომენტში აქტიური. ასევე, ტექსტში შეგეძლებათ ჰიპერბმულების დამატება.
ამ ყველაფერს ემატება AI-ზე მომუშავე Smart Compose — ინსტრუმენტი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Gmail-ზე. შეტყობინების აკრეფისას, ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს „კონტექსტურად გაცნობიერებულ წინადადებებს“, გრამატიკული შეცდომების შესამცირებლად. ის ამჟამად ყველა ვებ მომხმარებელზე ვრცელდება — ხუთ ენაზე, მათ შორის ინგლისურსა და ესპანურზე.
Google Chat-ში მესამე მხარის აპლიკაციების მხარდაჭერის შემოღებაც იგეგმება. აშკარაა, რომ კომპანია ცდილობს, გააფართოოს Chat, რათა მომხმარებლების ყველა საჭიროება დააკმაყოფილოს… მაგრამ საკითხავია, რატომ? ერთი შეხედვით, გუგლი კმაყოფილი უნდა ყოფილიყო ბიზნესის იმიჯის შექმნით, ნაცვლად ყოველდღიურ საუბრებზე ორიენტაციისა.