Google-მა სულ ახლახან განაცხადა ChatDirector-ის შესახებ, საუბარია ინოვაციურ Remote Video Conferencing System-ზე (RVCS), რომელიც ვირტუალური და ფიზიკური შეხვედრების გამოცდილებას გააერთიანებს. მარტივად რომ გითხრათ, ახალი ტექნოლოგიით სურთ, დისტანციური ინტერაქციები მეტად ბუნებრივად აქციონ. ამას კი ისეთი ფუნქციებით ეცდებიან, რომლებიც სივრცისა და მეტყველების ამოცნობაზეა პასუხისმგებელი.
ChatDirector მონაწილეთა RGB ვიდეოებს 3D ავატარებად გარდაქმნის, რომლებიც შემდგომში ვირტუალურ 3D გარემოში შეგვხვდება. აღნიშნული ტრადიციული ვიდეოსისტემების ნაკლოვანებებს აგვარებს ინტუიციური ვიზუალური ნიშნების მიწოდებითა და მკაფიო სივრცითი ურთიერთობების დამყარებით, რაც მეტყველების ნაკლებ შეფერხებას იწვევს, შესაბამისად, მომხმარებელთა მაღალ ჩართულობაშიც გადაიზრდება.
ამასთან, ChatDirector მომხმარებლების სახეების რეალისტურ 3D მოდელებს ქმნის, რის შემდგომაც „მინი მე“ ვერსიები პერსონაჟის სხეულს ებმის და ვირტუალურ გარემოში თავსდება. ამბობენ, რომ ეს მიდგომა ავთენტური ინტერაქციების საშუალებას იძლევა, რადგან ავატარები მომხმარებლის სახის გამომეტყველებას ინარჩუნებს და ადამიანთან საუბრისას თვალით კონტაქტის სიმულაციასაც მიმართავს.
მომხმარებლებს თავიანთი ავატარების მოთავსება სხვადასხვა გარემოში შეეძლებათ, იქნება ეს სტანდარტული საოფისე ოთახი თუ შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები. კამერის კუთხესაც დაარეგულირებენ 3D გარემოში, რითაც ვირტუალური შეხვედრის გამოცდილებას მეტ დინამიკას შემატებენ.
მართალია, ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და ზოგიერთი სურათიც ნაკლებად დახვეწილად გამოიყურება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ChatDirector-ს დიდი პოტენციალი აქვს. იმ მომავალზე მიგვანიშნებს, რომელშიც 3D ავატარები ვიდეოშეხვედრების განუყოფელ ნაწილად გვევლინება…