Google Ads-ს რომ AI ფუნქციები ემატება, ამაზე უკვე მოგიყევით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხელოვნურ ინტელექტთან ჩვენს დამეგობრებას სულ უფრო და უფრო ცდილობენ… ამჯერად ახალი AI ფუნქციები Chrome-ს ემატება. როგორც გვეუბნებიან, ასე უფრო მარტივად და ეფექტურად შევძლებთ ბრაუზერის გამოყენებას.
ჩანართების ორგანიზება

Tab Groups უამრავი ჩანართის ორგანიზებაში უკვე კი გეხმარებათ, მაგრამ ახლა გუგლი Tab Organizer-საც ნერგავს. Chrome ავტომატურად შემოგთავაზებთ და შექმნის ჩანართის ჯგუფებს გახსნილი გვერდების მიხედვით. ეს კი განსაკუთრებით მაშინ შეიძლება გამოგადგეთ, როცა რამდენიმე საქმეზე ერთდროულად მუშაობთ — იქნება ეს მოგზაურობის დაგეგმვა, რაღაც თემაზე ინფორმაციების მოძიება თუ შოპინგი.
ფუნქციის გამოსაყენებლად ჩანართზე მარჯვენა ღილაკს უნდა დააჭიროთ და Organize Similar Tabs აირჩიოთ. Chrome ამ ჯგუფებისთვის სახელებსა და ემოჯებსაც კი შემოგთავაზებთ. ასე რომ, შემდეგ ჯერზე თუ დაგჭირდებათ, მათ მარტივად იპოვით.
საკუთარი ფონების შექმნა AI-ის დახმარებით

გასულ წელს გენერაციული AI ფონები Android 14-ისა და Pixel 8-ის მოწყობილობებზე შემოგვთავაზეს, ახლა კი იგი Chrome-ზეც იქნება ხელმისაწვდომი. ამგვარად, უკვე მარტივად შეძლებთ ფონების გენერირებას თქვენი ხასიათის, საყვარელი ფერისა თუ სტილის მიხედვით. უბრალოდ გვერდით ჩანართში არსებულ Customize Chrome-ს უნდა ეწვიოთ, აირჩიოთ Change theme, შემდგომ კი Create with AI.
ტექსტების შექმნა ვებისთვის

ვებისთვის წერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჯარო სივრცეებსა თუ ფორუმებზე თქვენი აზრების სწორად გადმოცემა გსურთ, გამოწვევას შეიძლება ჰგავდეს. ამიტომ, მომდევნო თვის Chrome-ის გამოშვებაში კიდევ ერთ ექსპერიმენტულ AI ფუნქციას შემოგვთავაზებენ. ეს კი იმიტომ, რომ ვებისთვის მეტად თავდაჯერებულად წეროთ — იქნება ეს კარგად შედგენილი შეფასება რესტორნისთვის, მეგობრისთვის მისალოცი ტექსტის შედგენა თუ ფორმალური ტექსტი ბინის ქირაობასთან დაკავშირებით. ამისთვის კი უბრალოდ ტექსტის გრაფაში მარჯვნივ უნდა დააკლიკოთ ან თუ რაიმე ვებგვერდზე ხართ შესული, Help me write აირჩიოთ, ჩაწერეთ რამდენიმე სიტყვა და Google-ის AI ტექსტის შედგენაში დაგეხმარებათ.
აღნიშნული ფუნქციები Chrome-ზე, Mac-სა და Windows PC-ზე ამერიკელი მომხმარებლებისთვის მომდევნო დღეებში გახდება ხელმისაწვდომი, ექსპერიმენტების გავლის შემდგომ კი გლობალურად ჩაეშვება.











