დღეიდან, Google Chrome-ის 84-ე ვერსია უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი დესკტოპ მომხმარებლისთვის. უახლოეს წარსულში, მის ამოქმედებას კორონავირუსულმა პანდემიამ შეუშალა ხელი. ცვლილებების თანახმად, დეველოპერებს საკუთარი cookies პოლიტიკის SameSite ატრიბუტთან შესაბამისობაში მოყვანა მოუწევთ, სხვა შემთხვევაში, Google ავტომატურად შეცვლის პარამეტრებს მეტად დაცული ვერსიით (რამაც, შეიძლება, ვებგვერდის მუშაობა შეაფერხოს). აღსანიშნავია, რომ საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც Google-მა ამ ცვლილების შესახებ, წინასწარ განაცხადა (ის თებერვალში, Chrome 80-შიც გამოიყენეს). ეს მოთხოვნა ცვლის იმას, თუ როგორ მუშაობს მესამე მხარის ქუქები ვებგვერდებზე.

Cookies ფაილებს ვებგვერდების უმეტესობა იყენებს და ეს არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომელსაც თქვენი ბრაუზერი ინახავს თქვენს კომპიუტერში. ეს ფაილები ვებსაიტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ მომხმარებლის ქცევა ვებგვერდზე ვიზიტისას და კონტენტი მოარგონ მას. ბოლო დროს, Cookies ფაილების უსაფრთხოებასთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით საჭიროებების წინაშე დავდექით. SameSite-თან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით კი Google ცდილობს მისი ბრაუზერის მომხმარებელთა Cookies ჩანაწერები უფრო უსაფრთხოდ იყოს დამუშავებული და მესამე მხარის Cookies-ს აარიდოს თავი.

სიახლის თანახმად, თუ დეველოპერები Cookies პოლიტიკას SameSite-თან შესაბამისობაში არ მოიყვანენ, Google Chrome დაახარისხებს მესამე და პირველი მხარის ქუქებს და დაბლოკავს მათ, რომლებიც მესამე მხარის ქუქებს იყენებენ. ამ უკანასკნელის გამოყენებით იქმნება მესამე მხარის მიერ, მონაცემთა მოგროვების და შესაბამისად, პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა. სწორედ ამის თავიდან არიდებას ცდილობს Google და ბლოგში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ისეთი ვებგვერდების სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევას ისახავს მიზნად, რომლებიც აუცილებელ სერვისებს წევენ. მაგალითად ბანკინგთან, ჯანმრთელობასთან თუ სამთავრობო სერვისებთან დაკავშირებული საიტები.

გარდა ამისა, როგორც  9to5Google აღნიშნავს, Chrome 84-ს შეეძლება გამეორებადი და მომაბეზრებელი შეტყობინებების დაბლოკვა, ისეთების, როგორიცაა გამოწერის მოთხოვნები, რომლებიც ვებგვერდებზე შესვლისას Pop-up-ების სახით გვხვდება ხოლმე. მომხმარებლებს ამ ფუნქციის გასააქტიურებლად მხოლოდ შესაბამის ხატულაზე, ერთგვარ ბურთის ნიშანზე დაჭერა და “Continue blocking”-ის მითითება მოუწევთ.