2014 წლიდან რვა წლის შემდეგ, Google Chrome ლოგოს ცვლის. თუმცა, ცვლილების შესამჩნევად, დაკვირვებული თვალი ნამდვილად დაგჭირდებათ. ლოგოს ახალი ვერსია Google Chrome-ის დიზაინერმა ელვინ ჰიუმ Twitter-ის კომენტარებში გამოაჩინა და ამ მცირე ცვლილების შესახებ მოსაზრებაც გამოთქვა. ვიზუალური იდენტობის ახალ ვერსიაში აღარ ჩანს ჩრდილები, ყოველი ფერის ბოლოში, რაც ლოგოს მოცულობას მატებდა. წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები ბრტყელ ვიზუალს ქმნიან. ხოლო ლოგოს შუაში მოთავსებული ლურჯი წრე ზომით წინამორბედზე დიდია. საერთო ჯამში, განახლებული სიმბოლო უფრო მკვეთრი ელფერისაა. როგორც Google-ის დიზაინის გუნდმა შენიშნა, წითლისა და მწვანის კონკრეტული ტონალობების ერთობა არასასიამოვნო ვიბრაციას ქმნიდა, სწორედ ამიტომ შეიტანეს ცვლილება (უნდა ითქვას, ეს ადამიანების უმრავლესობისთვის თითქმის შეუმჩნეველია).
ასევე, Chrome-ის ლოგოტიპი ყველა სისტემაში ერთნაირი არ იქნება. ChromeOS-ში ლოგო უფრო ფერსავსე იქნება, რათა სისტემის სხვა ხატულებთან იყოს შესაბამისობაში, ხოლო macOS-ში მცირე ჩრდილს შეიძენს, მოცულობის ეფექტის შესაქმნელად. ამავდროულად, Windows 10 და Windows 11-ში უფრო მკვეთრი გრადიენტი ექნება, რათა საერთო დიზაინთან მოვიდეს შესაბამისობაში.
ლოგოს ცვლილებას, მომხმარებლები უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე საკუთარ ეკრანებზეც შეამჩნევენ.













