in

Google-ი ChromeOS-სა და Android-ს აერთიანებს

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში Android-ის მასშტაბები უზარმაზარია, თუმცა პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე მყარი პოზიციების დაკავება მან აქამდე ვერ შეძლო. მართალია, Google უკვე წლებია ChromeOS-ითა და Chromebook-ებით აქტიურად ოპერირებს ამ სივრცეში, მაგრამ ტრადიციულ გამოთვლით სისტემებში Android-ის გლობალური პოპულარობის სრულფასოვანმა არარსებობამ ცხადყო, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიური გიგანტი ChromeOS-ისა და Android-ის ერთიან დესკტოპ პლატფორმად ქცევას გეგმავს, რომელიც შიდა წრეებში საიდუმლო კოდური სახელწოდებით – Aluminum OS (ან ALOS) არის ცნობილი.

რა არის “Aluminum OS”

ეს არის Google-ის გაერთიანებული დესკტოპ პლატფორმის შიდა სამუშაო სახელი. ორი სისტემის შესაძლო შერწყმის შესახებ ხმები კარგა ხანია დადის, თუმცა ოფიციალური განცხადება გასულ სექტემბერში, Qualcomm-ის Snapdragon Summit-ზე გაკეთდა. Google-მა მაშინ დაადასტურა, რომ Qualcomm-თან პარტნიორობით შექმნიდა სრულიად ახალ პლატფორმას, რომელიც მობილურ და დესკტოპ სისტემებს დააკავშირებდა და რომლის ბირთვშიც ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიღწევები იქნებოდა ინტეგრირებული.

სახელწოდება „Aluminum OS“ ტექნოლოგიურმა საზოგადოებამ Google-ის ერთ-ერთი ვაკანსიიდან შეიტყო, რომელიც ტაივანში, ქალაქ ტაიბეიში უფროსი პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა. არქივის მონაცემებით, ვაკანსიის აღწერაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ კომპანია მუშაობდა ხელოვნრ ინტელექტზე დაფუძნებულ ახალ ოპერაციულ სისტემაზე. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმული იყო ახალი მოწყობილობების პორტფოლიოს მართვა სხვადასხვა ფორმ-ფაქტორში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროექტი მხოლოდ ლეპტოპებით არ შემოიფარგლება და ის გავრცელდება პლანშეტებზე, ტრანსფორმერებსა და მცირე ბიუჯეტურ, მინი-კომპიუტერის სტილის მოწყობილობებზეც.

ფუნქციები

ცოტა ხნის წინ, პლატფორმა MysticLeaks-ზე გამოქვეყნდა 16-წუთიანი ვიდეო, სადაც ახალი ოპერაციული სისტემის გამართვის პროცესი იყო ნაჩვენები ვირტუალურ მანქანაში. ვიდეოდან ჩანს, რომ ინტერფეისი საკმაოდ ჰგავს ChromeOS-ს, თუმცა არის მნიშვნელოვანი სიახლეებიც.

მაგალითად, აპლიკაციების განთავსება უკვე პირდაპირ სამუშაო მაგიდაზეა შესაძლებელი, ხოლო მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით ახალი საქაღალდეების შექმნა შეიძლება, რაც Windows-ის სისტემას მოგვაგონებს. გარდა ამისა, სისტემაში ჩნდება Android-ის მსგავსი სწრაფი პარამეტრების მენიუ და დავალებების მენეჯერი (task manager). არაოფიციალური გაჟონვების გარდა, Google-მა ამ პროექტზე ირიბად 12 მაისს გამართულ „The Android Show“ ლაივ-ივენთზეც მიანიშნა.

“Googlebook”-ების ეპოქა

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ოპერაციული სისტემა ბევრი კატეგორიის მოწყობილობაზე იმუშავებს, მისი დებიუტი, სავარაუდოდ, სრულიად ახალი კლასის ლეპტოპებზე – Googlebook-ებზე შედგება. ეს მოწყობილობები Google-მა სულ რაღაც ერთი კვირის წინ დააანონსა და ტექნოლოგიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ Aluminum OS სწორედ ამ მოდელებზე იქნება წარმოდგენილი.

მოსალოდნელია, რომ Googlebook გარკვეულწილად Chromebook-ის მემკვიდრე იქნება. კომპანიის ხედვით, ოპერაციული სისტემიდან ინტელექტუალურ სისტემაზე გადასვლა ფუნდამენტურ რეინვესტირებას მოითხოვდა. ახალ ეპოქაში Google აერთიანებს Android-ის საუკეთესო მხარეებს – Google Play-ს მძლავრ აპლიკაციებს – და ChromeOS-ის მთავარ უპირატესობებს, როგორიცაა პოპულარული ბრაუზერი და გაფართოებების უზარმაზარი ბიბლიოთეკა. ეს იქნება მოწყობილობების სრულიად ახალი კატეგორია, რომლის ბირთვშიც Gemini დგას, მუშაობს პრემიუმ აპარატურულ უზრუნველყოფაზე და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სხვადასხვა ვიჯეტი თავადვე დააგენერიროს.

Google-მა აჩვენა რამდენიმე უნიკალური ფუნქცია. მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სმარტფონიდან ლეპტოპზე Android აპლიკაციების გახსნა მათი წინასწარ გადმოწერის გარეშე. კიდევ ერთი შთამბეჭდავი სიახლეა Magic Pointer – მაუსის კურსორის AI-ზე დაფუძნებული ვერსია. ეკრანის ნებისმიერ ელემენტზე კურსორის მიტანისას, ხელოვნური ინტელექტი მომენტალურად შემოგთავაზებთ შემდგომ სტრატეგიულ ნაბიჯებს, კონტექსტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა საჭირო ფუნქციას.

წყარო: Mashable

„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ – „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად

Spotify-ს მარკეტინგული სტრატეგია და 5 ყველაზე ეფექტური კამპანია