in

Sora-ს დასამარცხებლად Google DeepMind-მა ახალი AI მოდელი გამოუშვა

AI ინდუსტრიაში მწვავე კონკურენციაა, ამჯერად კი უპირატესობის მოპოვებას გუგლი ახალი მოდელის გამოშვებით ცდილობს. საუბარია Veo 2-ზე, ვიდეოს გენერირების AI მოდელზე და, რაღა თქმა უნდა, Veo-ს შთამომავალზე, რომელიც გუგლის მრავალ პროდუქტში გვხვდება. მოკლედ რომ გითხრათ, Veo 2-ს 2-წუთიანი ვიდეოების შექმნა 4K რეზოლუციით შეუძლია. 

თუმცა, რადგან ახალი მოდელით Sora-ს დამარცხება სურთ, სამართლიანი იქნება გარკვეულ კომპონენტებში მათი შედარება. გუგლის ექსპერიმენტული ვიდეოს შექმნის ხელსაწყო VideoFX-ში, სადაც ახლა Veo 2 ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია, ვიდეოები 720 პიქსელით შემოიფარგლება, ხანგრძლივობა კი რვა წამს უდრის, როცა სორასთვის ეს მაჩვენებლები 1080 პიქსელამდე და 20-წამიან კლიპებამდე ადის. როგორც ვიგებთ, მალე გუგლის ახალი მოდელი Vertex AI-ის დეველოპერთა პლატფორმაზეც გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა მანამდე მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებას და პროდუქტის გაუმჯობესებას აპირებენ.

ახლა კი უშუალოდ ახალი მოდელის განხილვას დავუბრუნდეთ. Veo 2 ვიდეოებს ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე აგენერირებს, თუმცა რეფერენსად შეგიძლიათ სურათიც შესთავაზოთ. ვიდეოებს მრავალ სტილში ქმნის, ფიზიკაც უკეთ ესმის და კამერის საკონტროლო ფუნქციებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ უკეთეს კადრებს მოგაწვდით. 

თუ DeepMind-ს დავუჯერებთ, Veo 2 უფრო რეალისტურ მოძრაობებს, დინამიკასა და სინათლის მახასიათებლებს შესთავაზებს მომხმარებლებს, იქნება ეს ყავის დასხმა თუ ჩრდილებისა და ანარეკლების სწორად განლაგება. მართალია, იმასაც ამტკიცებენ, რომ ჰალუცინაციების პრობლემა ნაკლებად აქვს და მომხმარებლები აქ არც დამატებით თითებს და არც მოულოდნელ ობიექტებს უნდა ელოდნენ, მაგრამ ამ დაპირებას ბოლომდე ვერ ამართლებენ… თუმცა ეს უკვე თავადაც იციან, ამიტომაც ახლა მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

ჩვენ ვაგრძელებთ შემოქმედებით საზოგადოებასთან და ინდუსტრიაში არსებულ ადამიანებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ვაგროვებთ ინსაითებს და ვუსმენთ უკუკავშირს, მათ შორის იმათგან, რომლებიც VideoFX-ს იყენებენ, — აცხადებენ გუგლში.

რაც შეეხება მონაცემთა ბაზებს, ცალსახაა, რომ Veo 2 უამრავ ვიდეოზე გაწვრთნეს, მართალია, ზუსტად არ დაუსახელებიათ, ვის ეკუთვნოდა ეს მონაცემები, მაგრამ კანდიდატებს შორის YouTube მოხვდა, რომლის მფლობელიც გუგლი გახლავთ.

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ ყალბი ამბების თავიდან ასაცილებლად DeepMind SynthID-ის ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც უხილავი ნიშნებით აცნობებს ადამიანებს, რომ ვიდეო Veo 2-ის მიერაა გენერირებული. თუმცა, შეძლებს თუ არა იგი Sora-ს დამარცხებას, ამას დრო გვაჩვენებს… 

 

 

Zeiss – ნასესხები 100 თალერით შექმნილი საუკუნოვანი ბრენდი

ილონ მასკი Xmail-ის შექმნას აპირებს