დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, ექიმისგან დაბრუნებული მის „საგულდაგულოდ“ დაწერილ რეკომენდაციებს და პრეპარატების დასახელებებს რომ ვერ არჩევთ. ეს არა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის, არამედ ყველას პრობლემაა — თითქოს, ექიმებს ყველაფერ დანარჩენთან ერთად სპეციალურ კალიგრაფიასაც ასწავლიან, იმდენად ძნელად წასაკითხს, რომ ფარმაცევტის აღქმის იმედად ვრჩებით ხოლმე. ახლა კი Google-ის უახლესი პროექტის წყალობით, ეს საკითხი სამუდამოდ გადაიჭრება.
კომპანია, Google Lens-ის ახალი განახლებით, მთელი მსოფლიოს პაციენტებს დაეხმარება. აქამდე პროგრამას ნაწერის თარგმნა ან ხელნაწერის ბეჭდურ ტექსტად გარდაქმნა შეეძლო. თუმცა გაურკვევლად დაწერილს ვერ იგებდა. ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ექიმის რეცეპტს ფოტოები გადაუღონ და სრულიად გასაგებად დაწერილი ვერსია მიიღონ.
გარდა ამისა, Google მუშაობს ფარმაცევტებთან, რათა ზუსტად შეისწავლოს ხელნაწერის ეს ფორმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ყველა ექიმი ფლობს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ამოქმედდება ფუნქცია ოფიციალურად.