22
Jan
2020

როგორ დავუმალოთ ტელეფონი საკუთარ თავს – Google-ის ახალი ხედვა და გარსაცმი

22 Jan 2020

Alta
Alta


ტექნოლოგიური პროდუქტები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ჩვენ გავხდით მათი აქტიური მომხმარებლები და შესაბამისად, ეს მოცემულობა ახალ საჭიროებებს აჩენს. უკვე დროულია ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავაბალანსოთ ჩვენი ციფრული და რეალური ცხოვრება. ზოგისთვის ეს ერთი და იგივეა და ამის გამიჯვნის საჭიროებაც, თითქოს, საკმაოდ ბუნდოვანიც. თუმცა, ისევე, როგორც რიგ საკითხებშიც, აქაც ძალიან საჭიროა – ბალანსი, ან იმის ცოდნა, თუ როგორ დავაღწიოთ თავი ციფრულ პროდუქტებზე დამოკიდებულებას.

ალბათ, ყოფილა შემთხვევა, როცა თქვენი ტელეფონის გადამალვა გიცდიათ. ზოგი ამ მიზნით მაღალ და ძნელადმისაწვდომ ადგილებს ირჩევს. მაგალითად, დებს სმარტფონს კარადის თავზე, ან მეორე ოთახში და ცდილობს, მის ასაღებად ადგომა დაეზაროს. ზოგი ყიდულობს მეორე – ძველი დიზაინის ტელეფონს, რომლითაც მხოლოდ დარეკვა შეეძლება და დასვენების დღეებში სახლში ტოვებს სმარტფონს. ის, თუ როგორ ვცდილობთ, რომ ხანდახან, საკუთარი გონება უსაზღვრო და ხშირად, არც ისე საჭირო ინფორმაციული ნაკადისგან დავიცვათ, განხილვისთვის საინტერესო თემაა. თუმცა, ამჯერად, იმაზე შევჩერდეთ, თუ როგორ ცდილობს ტექნოლოგიური გიგანტი Google ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმაროს.

ფოტოზე, ერთი შეხედვით, საკმაოდ მოსაწყენი „რაღაც“ ჩანს. უფერული და მხოლოდ ერთი ფუნქციის მქონე. თუმცა სიტყვა მულტიფუნქციურობა, რომელიც 21-ე საუკუნეში ასე მოგვწონს, ხშირად ჩვენი დროისა და ფსიქიკის ფასად გვიჯდება. ამიტომ, Digital Wellbeing initiative-ის ფარგლებში, გუშინ Google-მა ექსპერიმენტული გარსაცმი წარადგინა, რომელიც თქვენი ტელეფონის საკუთარი თავისგან დამალვას შეგაძლებინებთ. ეს არის ქაღალდის გარსაცმი, რომელიც თქვენს სმარტფონს დაფარავს და დაუტოვებს მხოლოდ ერთ – დარეკვის ფუნქციას.

გარსაცმი, ამ ეტაპზე, მხოლოდ Pixel 3A-ს ერგება და მის გამოსაყენებლად აპლიკაცია Envelope-ის გადმოწერაა საჭირო. ასევე, უნდა გადმოწეროთ PDF ფაილი, დაბეჭდოთ/ამოაპრინტეროთ ის, მიყვეთ ინსტრუქციას და ასე შექმნათ ერთჯერადი გარსაცმი საკუთარი ტელეფონის, უფრო კი საკუთარი თავის დასაცავად.

სანამ თქვენს სმარტფონს გარსაცმს მოარგებდეთ, საჭიროა Envelope-ის აპლიკაციის გახსნა. მორგების შემდეგ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც წლების წინ. შესაძლოა, ნომრების ზეპირად დამახსოვრება, ან მათი აკრეფისას სპეციალური ბლოკნოტის გადაშლაც კი მოგიხდეთ. თუმცა, ასეც რომ არ გაწვალდეთ, აპლიკაციას აქვს საყვარელი კონტაქტების მოძებნის ფუნქციაც და ის ამას თქვენი ხმოვანი ბრძანების ფარგლებში გააკეთებს. გარსაცმიან ტელეფონს კიდევ ერთი ფუნქცია აქვს. გაგიკვირდებათ და შეგიძლიათ მას საათიც კითხოთ და ის „კლავიატურაზე“ კონკრეტული ციფრების ანთებით გიპასუხებთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სმარტფონს უფრო ისე იყენებთ, როგორც ფოტოაპარატს და არა როგორც ტელეფონს, (რაც არც ისე იშვიათი პრაქტიკაა), Google-ს ამ შემთხვევაში სხვა შემოთავაზება აქვს – შეგიძლიათ გამოიყენოთ ის გარსაცმი, რომელიც თქვენს სმარტფონს მხოლოდ ერთ ფუნქციას – ფოტო/ვიდეოგადაღებას დაუტოვებს. აღსანიშნავია, რომ თქვენ მიერ აღბეჭდილ მასალას დღის ბოლომდე ვერ ნახავთ. ანუ მანამ, სანამ სმარტფონისთვის გარსაცმის მოცილებას არ გადაწყვეტთ. და მოცილებას რაც შეეხება. თუ სმარტფონის ფუნქციების გამოყენება მოგინდებათ, ამისათვის თქვენ მიერ დაბეჭდილი გარსაცმი უნდა შემოახიოთ მას. რის შემდეგაც, ისევ მოგიწევთ მისი დაბეჭდვა (თუ გადაწყვეტთ ისევ გამოიყენოთ, რა თქმა უნდა).

განხილვა