8
Oct
2019

Google TikTok-ის კონკურენტს ყიდულობს 

8 Oct 2019

Google-ის ხელმძღვანელობა Firework-ის აპლიკაციის ყიდვას გეგმავს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სერვისის TikTok-ის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტია. ინფორმაციას The Wall Street Journal (WSJ) ავრცელებს.

Firework ამერიკული პროდუქტია და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, „სოციალური მობილური მედიის მომავალია“. გასულ წელს კომპანია $100 მილიონად შეფასდა. როგორც ჩანს, Google-ს სურს ამ მიმართულებითაც, მსოფლიოს მასშტაბით, მოწინავე პოზიციები დაიკავოს.

WSJ-ის ინფორმაციით, Firework-ის ​შეძენა, ასევე, სურს ჩინურ ინტერნეტ გიგანტს Weibo. თუმცა, გამოცემა წერს, რომ Google-თან მოლაპარაკებები გრძელდება და ამ ეტაპზე, რეალურ მყიდველად სწორედ ის განიხილება. მაგრამ, ჯერჯერობით, არც ერთი მხარე, ამ შეთანხმების სავარაუდო ღირებულებაზე არ საუბრობს.

TikTok-მა, რომელიც ჩინურ კომპანი ByteDance-ს ეკუთნის, ძალიან სწრაფად მოახერხა მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობის მოპოვება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. SensorTower-ის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში, TikTok, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე ხშირად გადმოწერილ აპლიკაციებს შორის მე-4 ადგილზე მოხვდა. მას მხოლოდ Facebook-​ის პროდუქტები: WhatsApp, Messenger და Facebook უსწრებდა.

 

განხილვა