ყველა ვთანხმდებით, რომ ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას დრო სჭირდება, გეგმაც, რომელიც პოტენციურ სავალალო შედეგებს მინიმუმამდე დაიყვანს… Google კი ახლა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა წინასწარ განსაზღვროს წყალდიდობის შემთხვევები. ამასთან ერთად, კომპანიის არასამთავრობო მხარე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს. მარტივად რომ აგიხსნათ, ადამიანებს ფულს ურიგებენ, რათა დატბორვამდე რამდენიმე დღით ადრე მომზადება მოასწრონ.
აი, ამ ზაფხულს უკვე ორი არასამთავრობო უშვებს პროგრამას ნიგერიაში, სადაც კლიმატის ცვლილება ექსტრემალური წყალდიდობების რისკებს ზრდის — Google.org ამისთვის International Rescue Committee-სა და GiveDirectly-ს 4.6 მილიონ დოლარს აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფები 7 500 ადამიანს მისცემს ნაღდ ფულს.
„წყალდიდობების სეზონზე Google-ის AI მოდელს გამოვიყენებთ, სამთავრობო მონაცემებთან ერთად, რათა რისკებს დავაკვირდეთ და რეალურ დროში განვსაზღვროთ, ყველაზე მეტად, რომელი სივრცის დატბორვის ალბათობაა. ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენ საბანკო ანგარიშებზე ერთ დღეში დავსვამთ თანხას. ეს საშუალებას მოგვცემს, ადამიანებთან წყალდიდობამდე მივაღწიოთ“, — აცხადებს ვერა ლუმისი, GiveDirectly-ის მენეჯერი.
ეს მიდგომა რომ მუშაობს, ამის არაერთი მაგალითი არსებობს. თუნდაც 2022 წელს ჩატარებული ცდა გავიხსენოთ, ნიგერიაში ორგანიზაციამ მოსახლეობას დატბორვამდე რამდენიმე დღით ადრე 400 დოლარი მისცა, მეორე ჯგუფი კი უბრალოდ გააფრთხილეს და ფული მანამ არ მისცეს, სანამ წყალდიდობამ არ ჩაიარა…
შედეგად, მათ, ვისაც ფული ჰქონდა, წინასწარ იზრუნა საკვებ მარაგზე, ვისაც არა, იძულებულნი იყვნენ, საყოფაცხოვრებო ნივთები გაეყიდათ, ზოგმა მოსავალი ადრე აიღო მანამ, სანამ წყალდიდობა გააფუჭებდა, ზოგმაც პირუტყვისა და ოჯახის ევაკუაციას მიმართა. ზოგიც წამლებს ყიდულობდა, ზოგიც კი ნერგებს, რათა წყალდიდობის მერე მოსავალი თავიდან დაეთესათ.
და რას გვთავაზობს Google?
კომპანია Flood Hub-ის ხელსაწყოზე გვესაუბრება, რომელიც სატელიტურ სურათებს გვთავაზობს და რეგიონის დეტალურ რუკას ადგენს. სწორედ ამ ეტაპების გავლის შემდგომ ერთვება პროცესში ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადგილობრივ მდგომარეობებს აანალიზებს და პოტენციური დატბორვის მოდელირებას ახდენს 7 დღით ადრე! ამბობენ, რომ იმაზე ზუსტიცაა, ვიდრე არსებული ამინდის სერვისები. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა წყალდიდობის იდენტიფიცირებისთვის…
„როცა კლიმატით გამოწვეულ კატასტროფებსა და წყალდიდობის შემთხვევებზე ვსაუბრობთ, დიდ გამოწვევას სწორედ იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ ვისზე იმოქმედებს ეს პროცესები. AI ახლა სწორედ ამაში დაგვეხმარება“, — განმარტავს ლუმისი.
აღსანიშნავია, რომ AI-ს იმ ადამიანების დადგენაც შეუძლია, რომლებსაც წყალდიდობის შემდეგ დახმარება სჭირდებათ. თანაც ახლა უფრო მარტივია ტელეფონებით ადამიანების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზების გამოყენება იმის დასადასტურებლად, თუ სად ცხოვრობენ…
მეტიც, Google-ის თქმით, მსგავსი AI ხელსაწყოები გვალვისა და ექსტრემალური სიცხის პირობებსაც ადგენს, რა შემთხვევებისთვისაც გამართლებულად კვლავ ფულის გაცემის მიდგომა მიაჩნიათ… ამგვარად, ის ადამიანები, რომლებიც AI-ს გამოჩენაზე წუხდნენ, შეგიძლიათ ახლა მის სარგებლიანობაშიც დაარწმუნოთ.