ვერ ვიტყვით, რომ ტრადიციული კლავიატურისგან მხოლოდ დიზაინი გამოარჩევს, რადგან იგი გუნდური მუშაობისთვისაა შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითისთვის, 3 ადამიანს ერთდროულად შეუძლია გამოყენება. Google Japan-ს ეკუთვნის, მრგვალია, ე. წ. მობიუსის ლენტით შთაგონებული და ღილაკებით როგორც წინა, ისე უკანა მხარეს. ამგვარად, ჩვეულებრივი კლავიატურის ღილაკის რაოდენობაზე ორჯერ მეტსაც გვთავაზობს.
Gboard Double-Sided Version 26 მოდულისგან შედგება, თითოეული კი 8 გადამრთველ ღილაკს შეიცავს. ანათებს კიდეც, რაც ისედაც საოცარ დიზაინს კიდევ უფრო განსაკუთრებულად აქცევს.
თუ Google Japan-ს დავუჯერებთ, დაახლოებით 20.8 დონატის წონისაა.
მართალია, Gboard Double-Sided Version თაროებზე ჯერ არ გამოჩნდება, მაგრამ ტექნოლოგიების მოყვარულებს შეუძლიათ, 3D ბეჭდვის ტექნიკით საკუთარი ვერსიები შექმნან სახლში. გუგლის ახალი პროდუქტი შეგიძლიათ უფრო მარტივად, ჩვეულებრივი ქაღალდის დიზაინითაც გამოცადოთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ჯერ მხოლოდ Google Japan-ის ექსპერიმენტული დიზაინია…