Google-ის მშობელმა კომპანიამ Alphabet-მა Gemini 4 Argon წარადგინა. ეს არის ახალი AI-მოდელი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ამოცანის შესრულებისთვისაა შექმნილი, მათ შორის კოდირებისთვის, კვლევისა და ტექსტების მომზადებისთვის. თუმცა, Google-ის განცხადებით, Argon-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კიბერუსაფრთხოებაა.
ამ ეტაპზე მოდელი მხოლოდ კომპანიის კიბერუსაფრთხოების პარტნიორებს მიეწოდება უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანიც კიბერშეტევებისგან დაცვა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მუშაობაა.
Argon სპეციალურად მსგავსი ამოცანებისთვის გაწვრთნეს. Google-ის თქმით, მოდელს შეუძლია პროგრამულ უზრუნველყოფაში კრიტიკული მოწყვლადობის დამოუკიდებლად აღმოჩენა, მათი გადამოწმება და შემდეგ გამოსწორებაც.
Argon-ის კიდევ ერთი ძლიერი მხარე კოდირება და საინჟინრო ამოცანებია. Google-ის თანამშრომლები მას უკვე იყენებენ ყოველდღიურ სამუშაოში, მათ შორის პროგრამულ კოდში შეცდომების აღმოჩენისა და კოდბაზების მიგრაციისთვის.
მოდელს ვიზუალური ინფორმაციის გაანალიზებაც შეუძლია, მაგალითად, გრძელი ვიდეოების შინაარსის ან გრაფიკებისა და დიაგრამების დამუშავება.
AI-კომპანიებს შორის კონკურენცია იზრდება
Gemini 4 Argon-ის გამოშვება AI-ლაბორატორიებს შორის მიმდინარე კონკურენციის კიდევ ერთი მაგალითია. წამყვანი კომპანიები სულ უფრო ძლიერი მოდელების შექმნას და ერთმანეთის გადასწრებას ცდილობენ, მაშინ როცა თავადვე აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ძალიან ძლიერი AI-სისტემების განვითარებას შესაძლოა ახალი რისკებიც ახლდეს.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში Google-ს AI-სფეროში ჩამორჩენილად მიიჩნევდნენ, თუმცა Gemini-ს განვითარებამ კომპანიის პოზიცია მნიშვნელოვნად გააძლიერა.
ამ ფონზე Gemini 4 Argon-ის გამოშვება Google-ის AI-სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განსაკუთრებით, კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით, სადაც კომპანია ახალ მოდელს უკვე პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად იყენებს.













