in

როგორ ცვლის Google Gemini-ს ტექნოლოგია McLaren-ის სტრატეგიას

Lenovo
Lenovo

Formula1 ყოველთვის იყო სიჩქარის, მაქსიმალური სიზუსტისა და იმ პატარ-პატარა უპირატესობების სპორტი, სადაც გამარჯვებას წამის მეასედები წყვეტს. ყოველი პილოტის ზურგს უკან საინჟინრო, სტრატეგიული და დიზაინერული გუნდების უზარმაზარი არმია დგას, რომელიც მუდმივად ეძებს თუნდაც მცირე შანსს მანქანის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამიტომ იქცა ეს სფერო ტექნოლოგიური გიგანტებისთვის საუკეთესო საპოლიგონო სივრცედ.

ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ლეგენდარული McLaren, რომელიც ბრიტანეთის გრან-პრიზე სრულიად განსაკუთრებული, Google Gemini-სთან კოლაბორაციით შექმნილი დიზაინით წარდგება. ახალი ვიზუალი შთაგონებულია 1966 წლის საკულტო McLaren M2B მოდელით, რომელსაც თავად ბრიუს მაკლარენი მართავდა – ეს არის ერთგვარი ხიდი ბრენდის დიდებულ ისტორიასა და მომავლის ტექნოლოგიებს შორის. გუნდის ეფექტურობის ტექნოლოგიების აღმასრულებელი დირექტორი დენ კივორტი აღნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტურად ავთენტური პარტნიორობა, რომლის უმთავრესი მიზანი უსწრაფეს ინდუსტრიაში მსოფლიოს საუკეთესო ხელსაწყოებზე წვდომა და მანქანის კიდევ უფრო აჩქარებაა.

მონაცემთა ანალიზი რეალურ დროში

ახალი ვიზუალი პარტნიორობის მხოლოდ ხილვადი, ესთეტიკური ნაწილია, ყველაზე საინტერესო პროცესები კი ტრასის მიღმა ვითარდება. Google Cloud-თან თანამშრომლობით გუნდმა შექმნა Gemini-ზე დაფუძნებული სპეციალური ხელსაწყოები, მათ შორის მონაცემთა ცოცხალი ინტერფეისი, რომელსაც ინჟინრები უშუალოდ რბოლის უქმეებზე იყენებენ. სისტემა სხვადასხვა წყაროდან მომენტალურად აგროვებს ინფორმაციას, გუნდის წევრებს კი შეუძლიათ მას ჩვეულებრივი, სასაუბრო ენით დაუსვან კითხვები.

დენ კივორტის განმარტებით, თუ ადრე შაბათის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ კონკურენტების მაჩვენებლების შედარებას უამრავი ადამიანური რესურსი და დიდი დრო სჭირდებოდა, ახლა ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს წამებში აანალიზებს და გუნდს განვითარების ზუსტ გზებს სთავაზობს.

ეს მიდგომა მხოლოდ McLaren-ის პრეფერენცია არ არის – ტენდენცია მთელ ფორმულა 1-ს მოიცავს. მაგალითად, Oracle Red Bull Racing ამჟამად საკუთარ სტრატეგიულ ასისტენტს ავითარებს, Mercedes-AMG საიმულაციო მოდელებისთვის Microsoft Azure-ს იყენებს, ხოლო Aston Martin Aramco-მ პარტნიორობა Cohere-თან და Arm-თან გააფორმა.

პილოტის უკუკავშირი

ამ სპორტში მცირე შეფერხებამაც კი შეიძლება რბოლის ბედი გადაწყვიტოს. შესაბამისად, ინფორმაციის დამუშავების სისწრაფე კრიტიკულია. ინჟინრების გარდა, ამ პროგრესს პილოტებიც გრძნობენ. McLaren-ის მრბოლელი ოსკარ პიასტრი განმარტავს, რომ მისი სამუშაოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი მანქანის ქცევის აღწერა და საინჟინრო გუნდისთვის საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარებაა, ხელოვნური ინტელექტი კი შეხვედრების შეჯამებასა და ტექნიკურ ანალიზს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.

ამასთანავე, გუნდი Gemini-ს იყენებს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის რთულ და მრავალგვერდიან რეგულაციებში სწრაფი ნავიგაციისთვის. სპეციალურად შექმნილი ბოტი ეხმარება გუნდს სპეციფიკური და იშვიათი წესების მომენტალურად პოვნაში, რაც მანამდე ტექნიკური დოკუმენტების ხანგრძლივ და დამღლელ კითხვას მოითხოვდა.

რა თქმა უნდა, ციფრული სისწრაფე ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ გამოცდილებასა და ინტუიციას, თუმცა ის რადიკალურად ცვლის პასუხების მიღების ტემპს. ივლისის დასაწყისში, სილვერსტოუნის ტრასაზე ბრიტანეთის გრან-პრიზე McLaren-ის ახალი დიზაინი სწორედ ამ უხმო, მაგრამ მასშტაბური ტრანსფორმაციის სიმბოლო იქნება, სადაც ხელოვნური ინტელექტი გუნდის მუშაობის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

წყარო: Fastcompany

OpenAI დეველოპერებისთვის კოდის წერას ამარტივებს

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს