Gemini-ს გამოშვებიდან 1 კვირის შემდეგ, Google მსუბუქი მოდელების ახალ ოჯახს Gemma-ს გვაცნობს. უფრო ზუსტად Gemma 2B-სა და Gemma 7B-ს, რომლებიც Gemini-თ იყო შთაგონებული და ხელმისაწვდომია როგორც კომერციული, ისე კვლევითი გამოყენებისთვის. Google DeepMind-ის ახალი პროდუქტის სახელი კი ლათინურიდან მოდის და ძვირფას ქვას ნიშნავს, რაც მის მიზანსაც მშვენივრად ესადაგება, მხარი დაუჭიროს დეველოპერებს ინოვაციებში, გააძლიეროს თანამშრომლობა და წარუძღვეს Gemma მოდელების სამართლიანად გამოყენების პროცესს.
Google-ის ორი ახალი LLM უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. მართალია, კომპანია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს ღია მოდელებია, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ეს ღია წყაროს არ გულისხმობს:
„ღია მოდელები ინდუსტრიაში უკვე საკმაოდ გავრცელდა და ეს ხშირად ეხება ღია წონის მოდელებს, სადაც დეველოპერებსა და მკვლევრებს შეუძლიათ, მოარგონ და დახვეწონ მოდელები, მაგრამ ამავდროულად, გამოყენების პირობები მოდელის მოხმარების სპეციფიკურ პირობებს უკავშირდება. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ განსხვავებას იმას შორის, რასაც ტრადიციულად ღია წყაროს ვუწოდებთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე სწორი Gemma-სთვის ღია მოდელებად მოხსენიება იქნებოდა“, — განმარტავს ჟანინ ბენქსი.
ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს შეუძლიათ მოდელი მათი სურვილებისამებრ გამოიყენონ, თანაც გუგლი ამბობს, რომ ამ მოდელის ზომები გამოყენების მრავალი შემთხვევისთვისაა შესაფერისი. მის გამოყენებას Colab-ისა და Kaggle-ის ნოუთბუქებზეც შეძლებთ, ისეთი პოპულარული ინსტრუმენტების ინტეგრაციასთან ერთად, როგორებიცაა Hugging Face, MaxText, NVIDIA NeMo და TensorRT-LLM. Gemma მოდელები მუშაობს თქვენს ლეპტოპებზე, Google Cloud-ზე, Vertex AI-ზე და Google Kubernetes Engine-ზე (GKE).
Google-ის თქმით, Gemma მოდელები ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ კომპონენტებს Gemini-სთან იზიარებს, ეს კი საშუალებას აძლევს Gemma 2B-სა და 7B-ს საუკეთესო შედეგს მიაღწიოს თავიანთ ზომებში, განსხვავებით სხვა ღია მოდელებისგან. თანაც როგორც გუგლში ამბობენ, Gemma ბევრი კრიტერიუმით მნიშვნელოვნად აჭარბებს დიდ მოდელებს ისე, რომ უსაფრთხოების მკაცრს სტანდარტებსაც იცავს.
ახალ მოდელებთან ერთად Google გენერაციული AI-ის ხელსაწყოთა ნაკრებს უშვებს, რომელიც მომხმარებლებს აუცილებელ ინსტრუმენტებსა და სახელმძღვანელო წესებს შესთავაზებს, რათა Gemma-ს დახმარებით უსაფრთხო AI აპლიკაციები შექმნან.