18
Apr
2019

ავტოფარეხში შექმნილი საძიებო სისტემა, ანუ როგორ გაჩნდა Google

18 Apr 2019

რამდენიმე ათწლეულის წინ, როდესაც ადამიანს რაიმე აინტერესებდა, სხვა ადამიანს ეკითხებოდა, ან უბრალოდ ალტერნატივას პოულობდა მის მოსაძებნად – ახლა მისი ალტერნატივა ყველასთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ვებ-პლატფორმა Google-ია. დღეს რომ ერთ ვირტუალურ სივრცეში, უმოკლეს დროში ნებისმიერი ინფორმაციის პოვნა შეგვიძლია, ორი ადამიანის – ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის დამსახურებაა. ამჯერად Marketer.ge ლარი პეიჯზე მოგითხრობთ..

ლარი პეიჯი 1973 წელს, მიჩგანში დაიბადა. მამამისი, კარლ პეიჯი კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი იყო, ხოლო დედა – ლოურენს პეიჯი კი კომპიუტერული პროგრამირების მასწავლებელი. ერთი სიტყვით, იგი ნამდვილ კიბერნეტიკულ ოჯახში დაიბადა და, გარკვეულწილად, სწორედ ამან განაპირობა მისი კომპიუტერული მეცნიერებებით დაინტერესება, რომელიც პირველად ექვსი წლის ასაკში გამოავლინა, როდესაც სახლში არსებული კომპიუტერებით თამაში დაიწყო. ლარი იყო პირველი მოსწავლე სკოლაში, რომელმაც დავალება ვორდის ფაილში შეასრულა.  

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს იგი თავის ბავშვობას ამგვარად იხსენებს: “მთელი ჩვენი სახლი სრულ ქაოსში იყო, რომელსაც კომპიუტერები, სხვადასხვა მოწყობილობები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჟურნალები ქმნიდა.” ამ სფეროს გარდა, იგი მუსიკითაც სერიოზულად იყო დაინტერესებული. ლარი ხშირად ავლებდა მუსიკასა და მეცნიერებას შორის პარალელს – მუსიკაში ისევეა წამებზე ყველაფერი დამოკიდებული, როგორც მეცნიერებაში. ლარი ცდილობდა მუსიკალურად ეგრძნო ის რიტმი, რაგვარადაც გუგლი მუშაობდა.

“ადრეული ასაკიდან მომწონდა გამოგონებები. სწორედ ამიტომ დავინტერესდი კომპიუტერითა და ბიზნესით. 12 წლის ასაკშივე ვიცოდი, რომ მე ჩემი კომპანია მექნებოდა.”

ლარიმ მიჩიგანის უნივერსიტეტში მეცნიერების მიმართულება დაამთავრა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, კომპიუტერულ ინჟინერიაზე კონცენტრირებულიყო. სწორედ ამიტომ ჩააბარა სტენფორდის უნივერსიტეტში, საიდანაც მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. 

1995 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში, ლარი პეიჯი სერგეი ბრინს შეხვდა, რომელმაც ლარის სთხოვა უნივერსიტეტი დაეთვალიერებინა. სერგეი და ლარი სწორედ ამ დროიდან დამეგობრდნენ. საერთო ინტერესების მქონე მეგობრები კი გამუდმებით ტექნოლოგიურ თემებზე საუბრობდნენ. იმ პერიოდში სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები სტენფორდის ციფრული ბიბლიოთეკის პროექტზე (SDLP) მუშაობდნენ. დისერტაციის თემატიკის ძიებაში ლარი პეიჯი განიხილავდა სხვა დანარჩენთან ერთად – გლობალური ციფრული ქსელის მათემატიკურ თვისებებს, რომელიც თავის თავში წარმოაჩენდა ბმულებს (ჰიპერ ტექსტურ ლინკებს) უზარმაზარი გრაფის სახით. მისმა ხელმძღვანელმა ურჩია მას გაჰყოლოდა ზემოთხსენებულ იდეას და პეიჯიც დასთანხმდა. როგორც შემდგომში პეიჯმა განაცხადა – ს იყო საუკეთესო რჩევა მათ შორის, რაც კი რამ ოდესმე მიუღია. მალევე, “BackRub-ად” წოდებულ სამეცნიერო პროექტში ლარი პეიჯს სწორედ სერგეი ბრინსი შემოუერთდა, რომელიც თავის მხრივ იმ პერიოდისთვის Ph.D. (Doctor of Philosophy) – ის ასპირანტი გახლდათ. მონაცემთა ბაზის გასანაწილებლად პეიჯმა და ბრინმა შეიმუშავეს PageRank-ის ტექნოლოგია, რომელმაც გაამართლა და რომელსაც კომპანია google დღესაც იყენებს.

ცოტა ხანში სამეცნიერო პროექტ BackRub-ს სახელი შეუცვალეს და „გუგლი“ დაარქვეს, რომელიც მათემატიკურ ტერმინს “Googol” უკავშირდება და ნიშნავს რიცხვ 1-ს მოყოლებული ასი ნული. ეს სახელი კი იმიტომ შეარჩიეს, რომ სურდათ, „გუგლი“ მომსახურებოდა ადამიანებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის საშუალებით. თუმცა, პირველი ინვესტირებისას ამორტყმულ ჩეკში ასოთა თანმიმდევრობის შეშლის გამო პროექტს Google დაერქვა. 

პირველი დაფინანსება კომპანია Google-მა 1998 წლის აგვისტოს მიიღო 100 000 დოლარის სახით, პიროვნებისგან სახელად ენდი ბექტოლშტეიმი რომელიც კომპანია Sun Microsystems-ის დამაარსებელი გახლდათ. ეს თანხა ბეხტოლშეიმმა ფირმის რეგისტრაციამდე გადასცა, იმ იმედით რომ ცოტა ხანში მისი თანხა გაათმაგებული რაოდენობით დაუბრუნდებოდა. როგორც დრომ გვიჩვენა, იგი არ შემცდარა. 1999 წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Google-ში განხორციელდა ინვესტირება 25 მილიონი დოლარის ოდენობით. ოფიციალურად კი, Google კომპანიის სახელით 1998 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა.

რეალურად, ყველაფერი კალიფორნიაში, მენლო პარკში მდებარე ავტოფარეხში დაიწყო, რომლის მფლობელი, ქალბატონი სიუზან ვოჯიცკი იყო. იგი გახდა კომპანიის პირველი თანამშრომელი და დღეს Google-ის შვილობილი კომპანიის, Youtube-ს დირექტორი.

1998 წლის დასასრულისთვის, როცა google-მა დააინდექსა 60 მილიონამდე ვებ გვერდი, ცნობილი გახდა, რომ Google-ის ძიების რეზულტატები ბევრად სჯობდა სხვა საძიებო სისტემების რეზულტატებს, მაგალითად, ისეთების, როგორებიც იყვნენ Hotbot და Excite.com.

1999 წლის მარტში კომპანია გადავიდა ქალაქ პალო-ალტოში (კალიფორნიის შტატი) – ქალაქში, სადაც განთავსებულია სხვა ცნობილი ტექნოლოგიური სტარტაპი კომპანიების ცენტრალური ფილიალები. მას შემდეგ, რაც Google-ს დიდი წარმატება მოუტანა რეკლამების გაყიდვამ, 2003 წელს იგი კვლავ იცვლის თავის ადგილსამყოფელს და გადადის მაუნტინ-ვიუში (კალიფორნიის შტატი). ეს კომპლექსი ცნობილია Googleplex-ის სახელით. სამი წლის შემდგომ “გუგლი“ კვლავ ფართოვდება და 319 მილიონ დოლორად ყიდულობს ახალ მიწას. ამ დროისთვის სიტყვა Google-ს ენიჭება ზმნის მნიშვნელობა და მსოფლიო ლექსიკის ნაწილი ხდება. 2006 წლის ბოლოსთვის ზმნა “გუგლი” დაემატა ოქსფორდის ინგლისურენოვან ლექსიკონში და ნიშნავდა “ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში, „Google-ის“ საძიებო სისტემის გამოყენებით”.

Google-მა პირველი საზოგადოებრივი შემოთავაზება დაარსებიდან 5 წელიწადში გააკეთა. 2004 წლის 19 აგვისტოს, კომპანიამ 19 605 052 აქცია ონლაინ აუქციონზე გაიტანა. თითო აქციის ფასი 85 დოლარს შეადგენდა. ამ აუქციონის შემდეგ „Google-ის“ საერთო საბაზრო კაპიტალმა 23 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ აუქციონზე კომპანიის მხოლოდ და მხოლოდ 6% იყო გამოტანილი, დანარჩენი 271 მილიონი აქცია კომპანიამ თავისთვის დაიტოვა. სწორედ აქიდან გამომდინარე Google-ის უამრავი თანამშრომელი გახდა მილიონერი.

2013 წლისთვის „გუგლი“ რამდენიმეჯერ იყო აღიარებული როგორც თვის საუკეთესო დამსაქმებელი კომპანია და შემდგომში უკვე როგორც წლის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელი. ამ ამბის დიდი ნაწილი ლარი პეიჯის დამსახურება იყო. კომპანიაში იგი ამ წესებით ხელმძღვანელობდა და სხვებსაც მოუწოდებდა, გაეთვალისწინებინათ ისინი:

  • აკეთე ყველაფერი თავად, რისი კეთებაც შეგიძლია, რათა უფრო სწრაფად გაკეთდეს საქმე. 
  • ნუ იქნები ბიუროკრატი!
  • იდეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასაკი – მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც ახალგაზრდაა, არ უნდა მოაკლდეს მის იდეებსა და თავად მას პატივისცემა..
  • ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც შეგიძლია არის ის, რომ უთხრა სხვას “არა”, თანაც ისე, რომ არ აუხსნა, რატომ ეუბნები მას უარს.

2015 წელს პეიჯმა კომპანია Alphabet Inc.-ის შექმნა გამოაცხადა. იგი პეიჯმა და ბრინმა გუგლის კორპორატიული რესტრუქტურიზაციისთვის/რეორგანიზაციისთვის დააფუძნეს. საბოლოოდ კი იგი Google-ის “მშობელი კომპანია” გახდა.  

დღესდღეობით, „Google-ის“ საძიებო სისტემას მსოფლიო ბაზრის 60% უკავია. ყოველდღიურად იგი არეგისტრირებს 50 მილიონზე მეტ ახალ მოთხოვნას ძიებაზე და 8 მილიარდ ვებ-გვერდს უკეთებს ინდექსირებას. Google-ს ინფორმაციის 191 ენაზე მოძიება შეუძლია. ასევე, შეუძლია ისიც, რომ ელვის სისწრაფით გაფილტროს არა საჭირო ინფორმაცია და მოგვიძიოს მხოლოდ ჩვენთვის საჭირო მასალა.  

სტატიის ბოლოს კი წარმოგიდგენთ 10 პრინციპს, რომელთა მიხედვითაც დღესდღეობით Google მუშაობს:

  • ფოკუსირდი მომხმარებელზე, შემდეგ ყველაფერი თავისით მოვა
  • ჯობია ერთი საქმე აკეთო და ძალიან კარგად აკეთო
  • “სწრაფად” ჯობია “ნელა-ს”
  • ვებ-სივრცე უნდა იყოს ჯანსაღი
  • პასუხის მიღება უნდა შეძლო ყველგან და არა – მხოლოდ სამუშაო მაგიდასთან
  • არ გჭირდება ბოროტების ჩადენა იმისთვის, რომ ფული გამოიმუშავო
  • სადღაც მაინც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოძიება
  • ინფორმაციაზე მოთხოვნა საზღვრებს არ ემორჩილება
  • შარვალ-კოსტუმის/სამუშაო ფორმის გარეშეც შეგიძლია იყო სერიოზული
  • “ძალიან მაგარი” შეიძლება არ იყოს საკმარისად კარგი

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა