20
May
2019

Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა

20 May 2019

Alta
Alta


Reuters-ის ინფორმაციით, Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა. კერძოდ, Huawei-ს მომხმარებელს აღარ ექნება წვდომა Android-ის ღია კოდის პროექტზე (ASOP), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის გარეთ არსებული Huawei-ს სმარტფონები Google-ის აპლიკაციების მაღაზიიდან (Google Play) სისტემურ განახლებებს ვეღარ მიიღებენ. ხოლო Huawei-ს ახალ სმარტფონებს საერთოდ აღარ ექნებათ წვდომა Google-ის აპლიკაციების მაღაზიაზე და ისეთ აპლიკაციებზე, როგორიც, მაგალითად Gmail-ია.

აღნიშნული სიახლიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს აშშ-სა და ჩინური ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის არსებული კონფლიქტის ესკალაციასთან. რადგან, ექსპერტთა აზრით, Huawei-სთვის „ანდროიდის“ ლიცენზიის შეჩერების ფაქტი უკავშირდება დონალდ ტრამპის ნაბიჯს – აშშ-ის პრეზიდენტმა, 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ. ტრამპის მიერ გაცემულ ბრძანებაში კონკრეტული კომპანია არ არის ნახსენები, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, ბრძანებაში Huawei იგულისხმება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობის მხრიდან Huawei-ზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა იეჭვა, რომ ჩინეთის მთავრობა Huawei-ს მოწყობილობას ჯაშუშობისთვის იყენებდა. ჯერ კიდევ 2018 წელს, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს Huawei-ს მოწყობილობების გამოყენება აეკრძალათ.

გამოცემა The Verge-თან საუბრისას, Google-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Google Play და უსაფრთხოების სისტემა Google Play Protect უკვე არსებულ და ფუნქციურ Huawei-ს სმარტფონებში უცვლელად დარჩება. ასე რომ, თუ უკვე გაქვთ ამ კომპანიის მიერ წარმოებული სმარტფონი, სიახლის შედეგად, გარკვეული ზომების მიღება არ მოგიწევთ. თუმცა, ეს სიახლე ბევრ კითხვას ბადებს არამხოლოდ ჰუავეის აქტიურ მომხმარებლებში, არამედ მათშიც, ვინც ამ ბრენდის სმარტფონის შეძენას გეგმავს. ლიცენზიის შეჩერების საპასუხოდ, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნაზე ფიქრობს, თუმცა, უცნობია, რამდენად სანდო იქნება ის. სხვა მხრივ კი, ცალკეული ოპერაციული სისტემის ქონა Huawei-სთვის არც ისე მოგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

Google-ის მხრიდან Huawei-სთვის Android-ის ლიცენზიის შეჩერება უკვე აღიარეს Android-ის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტად. Huawei – ყველაზე წარმატებული სმარტფონის მწარმოებელი ჩინეთში და ერთ-ერთი უდიდესი სმარტფონის მწარმოებელი მსოფლიოში. 2019 წლისთვის, მისი გაყიდვების აფეთქება დაიწყო და ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, ჩინური სმარტფონების მწარმოებელი, წლის ბოლოს, Samsung-ს, გაყიდვებით მსოფლიოში პირველ კომპანიას, გადაასწრებდა. Android-ის ოპერაციული სისტემის მხარდაჭერის გარეშე კი, ეს უბრალოდ შეუსრულებელი მისიაა, როგორც 2019 წლისთვის, ასევე 2020-სთვისაც და მგონი, საერთოდ.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა