Google I/O 2025-ის პირველი დღე დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გავიგეთ სიახლეები ახალი პროდუქტებისა და ფუნქციების შესახებ. ახალი ამბები Android-ს, Chrome-ს, Google Search-ს, YouTube-სა და Gemini-ის შეეხება… მოკლედ, მოგიყვებით ყველაფერს, რაც გუშინ გუგლმა კონფერენციაზე განაცხადა:
Gemini Ultra
გუგლის AI აპლიკაციებსა და სერვისებზე წვდომის უმაღლეს დონეს სთავაზობს მომხმარებლებს. ფასი თვეში 249.99$-ია. Gemini Ultra მოიცავს Google-ის Veo 3-ის ვიდეო გენერატორს, კომპანიის ახალ ვიდეო რედაქტირების აპლიკაციას Flow და Gemini 2.5 Pro Deep Think-ს რეჟიმს, რომელიც ჯერ არ ჩაუშვიათ… Gemini Ultra ამ ეტაპისთვის მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
Deep Think Gemini 2.5 Pro-ზე
გაუმჯობესებული დასაბუთების მოდელია, რომელიც Gemini 2.5 Pro-ში გვხვდება. მოდელს რამდენიმე პასუხის განხილვის შესაძლებლობას აძლევს მანამ, სანამ უპასუხებს. ასე კი შედეგებს აუმჯობესებს. ამ ეტაპისთვის „სანდო პირები“ ტესტავენ, მეტ დეტალს კი გუგლი ჯერ არ ამხელს.
Veo 3
კომპანიის თქმით, Veo 3-ს ხმოვანი ეფექტების, ფონური ხმაურისა და დიალოგების გენერირება შეუძლია იმ ვიდეოებისთვის, რომლებსაც ქმნის. გამომწერებს მასზე წვდომა უკვე შეუძლიათ მიიღონ, მაგრამ ამაში ყოველთვიურად 249.99 დოლარის გადახდა მოუწევთ.
Imagen 4
Imagen 3-ზე სწრაფია და მალე კიდევ უფრო გაუმჯობესდება — მომავალში გუგლი Imagen 4-ის იმგვარი ვერსიის გამოშვებას აპირებს, რომელიც Imagen 3-ზე 10-ჯერ სწრაფი იქნება. ამ ეტაპისთვის Imagen 4-ს ისეთი დეტალების გენერირება შეუძლია, როგორებიცაა წყლის წვეთები, ცხოველის ბეწვი და ნაჭრის სტრუქტურა. ფოტორეალისტურ და აბსტრაქტულ სტილს უმკლავდება. სურათებს კი 2K რეზოლუციით გვთავაზობს.
გუგლის თქმით, Veo 3-სა და Imagen 4-ს კომპანიის AI ხელსაწყო Flow-ს გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ.
Gemini
ამ კვირაში Gemini Live-ის კამერისა და ეკრანის გაზიარების ფუნქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. Project Astra-ს ფუნქცია კი მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, Gemini-სთან ვერბალური საუბრები თითქმის რეალურ დროში აწარმოონ და, ამასთან, ვიდეო და ეკრანი AI მოდელს გაუზიარონ.
Google-ის თქმით, მომდევნო კვირებში Gemini Live სხვა აპლიკაციებსაც დაემატება — Google Maps-ში მიმართულებებს შემოგთავაზებთ, Google Calendar-ში ივენთების შექმნაში დაგეხმარებათ, ხოლო Google Tasks-ში გასაკეთებელი საქმეების სიის შედგენაში.
Stitch
AI ხელსაწყოა, რომელიც ადამიანებს ვებ ან მობილური აპლიკაციის შექმნაში UI ელემენტებითა და კოდებით ეხმარება. ამას კი ტექსტური მოთხოვნისა და სურათების დახმარებით აკეთებს.
Project Mariner
გუგლის ექსპერიმენტული AI აგენტია, რომელიც ვებგვერდებს იყენებს, ერთდროულად ათობით ამოცანას უმკლავდება — მაგალითად, შეუძლია ფეხბურთის ბილეთები და ბოსტნეული ისე იყიდოს, რომ საერთოდ არ ესტუმროს მესამე მხარის აპლიკაციებს. მომხმარებელმა უბრალოდ უნდა მისწეროს, დანარჩენზე კი თავად იზრუნებს.
Project Astra
მულტიმოდალური AI გახლავთ, რომელიც ახალ გამოცდილებებს გთავაზობთ Search-ში, Gemini AI-ის აპლიკაციასა და მესამე მხარის დეველოპერთა პროდუქტებში. Google DeepMind-ის მიღმა დაიბადა, რათა თითქმის რეალური დროის, მულტიმოდალური AI შესაძლებლობები ეჩვენებინა…
AI Mode
ექსპერიმენტის ფაზაში მყოფი გუგლის საძიებო ფუნქციაა, რომელიც ადამიანებს კომპლექსური, მრავალნაწილიანი კითხვების დასმის შესაძლებლობას სთავაზობს AI ინტერფეისით. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ჩაეშვება. Search Live კი ზაფხულის ბოლოს გამოვა და კითხვების დასმის შესაძლებლობას იმის მიხედვით შემოგთავაზებთ, თუ რას ხედავს თქვენი კამერა რეალურ დროში.
Beam 3D
აქამდე Starline-ის სახელით იყო ცნობილი… მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ესაუბროს ვინმეს ისე, თითქოს, ერთსა და იმავე ოთახში იმყოფებიან. კამერებიდან მიღებულ ვიდეოს კი AI მოდელი აქ 3D რენდერად გარდაქმნის. ამასთან, Beam ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ თარგმნის ფუნქციას რეალურ დროში გთავაზობთ, თანაც მოსაუბრის ხმას, ტონსა და გამომეტყველებას ინარჩუნებს.
მეტი AI ფუნქცია
Gemini Chrome-ს დაემატება და დაგეხმარებათ, სწრაფად გაიაზროთ ვებგვერდის კონტექსტი. Gemma 3n-ის მოდელი კი სპეციალურად ტელეფონებისთვის, ლეპტოპებისა და პლანშეტებისთვისაა შექმნილი. გუგლის თქმით, აუდიოს, ტექსტს, სურათებსა და ვიდეოებს უმკლავდება. რაც შეეხება AI Workspace-ის ფუნქციებს, Gmail-ს, Google Docs-სა და Google Vids-ს დაემატება.
Gmail პერსონალიზებულ პასუხებს შემოგთავაზებთ და ახალ ფუნქციას შეტყობინებების ყუთისთვის, როცა Vids კონტენტის შექმნისა თუ რედაქტირებისთვის ახალ ვარიანტებს მოგაწვდით. NotebookLM-ს კი Video Overviews დაემატება.
Wear OS 6
ერთი შრიფტის გამოყენებით აპლიკაციის ვიზუალი კიდევ უფრო სუფთა ხდება. ხოლო Pixel Watch-ებს დინამიკური თემატიკა ემატება, რითაც აპლიკაციის ფერებს ციფერბლატს შეუსაბამებს. დეველოპერებს საქმის გამარტივებას ჰპირდება და დიზაინის გაიდლაინსაც სთავაზობს.
Google Play
Play Store-ს Android-ის დეველოპერებისთვის ახალი ხელსაწყოები ემატება, რათა გამოწერების მართვა გაუმარტივოს. გვერდები თემების მიხედვითაც იქნება დაყოფილი, რითაც მომხმარებლებს კონტენტის ინტერესების მიხედვით ნახვას სთავაზობს. აუდიოს ნიმუშებსაც უზიარებს მათ, რათა მარტივად გაიგონ აპლიკაციის კონტენტი.
Android Studio
დაბოლოს, Android Studio-ს AI ფუნქციები დაემატა, მათ შორის Agent Mode, რომელიც უფრო რთული პროცესების მართვას შეძლებს. App Quality Insights-ის პანელში კი crash insights-ის გაუმჯობესებული ვერსია შეგხვდებათ — აპლიკაციის კოდს გაანალიზებს, რათა შეფერხების პოტენციური მიზეზები დაადგინოს.
Google I/O 2025-ის მეორე დღე მიმდინარე რეჟიმშია, სიახლეებს კი მალე გაგიზიარებთ.