in

რას უნდა ველოდოთ Google I/O 2026-ისგან

Google-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, I/O 2026, 19 მაისს აიღებს სტარტს და ბოლო წლების ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, ხელოვნური ინტელექტი კვლავ მთავარი ყურადღების ცენტრში იქნება. რაც შეეხება წლევანდელ მოლოდინებს, მთავარი აქცენტი აშკარად Gemini-ს მასშტაბურ განახლებაზე გაკეთდება. ჯერჯერობით უცნობია, ეს 4.0 ვერსია იქნება თუ რაიმე შუალედური, თუმცა, ფაქტია, რომ Google-ის მთავარი ხელოვნური ინტელექტის უფრო ახალი და მძლავრი ვერსიის გამოჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ვინაიდან Gemini უკვე ინტეგრირებულია კომპანიის თითქმის ყველა პროდუქტში, ნებისმიერ განახლებას უზარმაზარი გავლენა ექნება და ის სამომავლო პროდუქტების განვითარების ვექტორსაც განსაზღვრავს.

I/O 2026-ზე შესაძლოა Google-ის შედარებით ნაკლებად გაშუქებული AI პროდუქტების – Nano Banana-ს, Gemma-ს, Lyria-სა და Genie-ს განახლებებიც ვიხილოთ. ასევე, არ არის გამორიცხული ვიდეოს გენერირების ინსტრუმენტის, Veo 4-ის დაანონსებაც. მართალია, ეს ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ თუ Veo მართლაც მიიღებს მნიშვნელოვან განახლებას, YouTube-თან მისი ინტეგრაცია ლოგიკური ნაბიჯი იქნება, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რა აგრესიულად ნერგავს Google ხელოვნურ ინტელექტს თავის პლატფორმებზე.

წლევანდელ ღონისძიებაზე მოსალოდნელია სიახლეები Android XR-ის მიმართულებითაც, სადაც დეველოპერები, სავარაუდოდ, სრულ ინსტრუმენტთა კრებულს მიიღებენ აპლიკაციების შესაქმნელად. თუმცა, I/O 2026-ის წინ კვლავ გაურკვეველი რჩება ეკრანიანი სათვალეების გამოსვლის ზუსტი თარიღი. Google-მა დაადასტურა, რომ შედარებით მარტივ AI სათვალეებს მიმდინარე წელს ვიხილავთ, მაგრამ ეკრანის მქონე მოდელის გამოსვლის თარიღის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება Android 17-ს, Google მის ბეტა ვერსიებს თებერვლიდან უშვებს, ფინალური რელიზი კი ივნისში ან ივლისშია მოსალოდნელი, ტრადიციული აგვისტოს Made by Google Pixel ღონისძიების წინ. ბეტა ვერსიაში ჯერჯერობით ბევრი ხმაურიანი სიახლე არ ყოფილა, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ე.წ. “აპლიკაციების ბუშტები” (app bubbles) – მცურავი ფანჯრების სისტემა აპლიკაციებზე სწრაფი წვდომისთვის. შარშანდელის მსგავსად, Google 12 მაისს, მთავარ კონფერენციამდე, Android Show-ს სპეციალურ I/O გამოშვებას გამართავს.

ღონისძიება 19 მაისს, წყნარი ოკეანის დროით დილის 10 საათზე დაიწყება და მისი ყურება ნებისმიერ მსურველს პირდაპირ ეთერში, სპეციალურ ვებგვერდზე – io.google – შეეძლება.

წყარო: Mashable

10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში – „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია

მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია – „რა არის დისლექსია?”