in

სიახლეები, რომლებზეც Google I/O-დან გავიგეთ

M2

Google I/O-ს დღეც დადგა, რაც მრავალ სიახლეს ნიშნავს მომხმარებლებისთვის და თუ გუშინ დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენციისთვის თვალი არ გიდევნებიათ, ჩვენ მთავარ ამბებს გაგიზიარებთ. მოდით, დავიწყოთ:

Firebase Genkit

Firebase-ის პლატფორმას ემატება და მიზნად ისახავს, დეველოპერებს AI აპლიკაციების JavaScript/TypeScript-ში ჩართვა გაუმარტივოს. ღია კოდის ჩარჩოა, რომელიც Apache 2.0-ის ლიცენზიას იყენებს და საშუალებას აძლევს დეველოპერს, სწრაფად ჩააშენოს AI ახალ თუ არსებულ აპლიკაციებში.

Generative AI სწავლებისთვის

გუგლი LearnLM-ს გვაცნობს, გენერაციული AI მოდელების ოჯახის ახალ წევრს, რომელიც იდეალურია სწავლისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვისაა შექმნილი, რომ მოსწავლეები სხვადასხვა საგანში მოამზადოს, თანაც უკვე გუგლის რამდენიმე პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. ამასთან, LearnLM მასწავლებლებს ახალი იდეების, კონტენტის, აქტივობებისა და იმ მასალების პოვნაში დაეხმარება, რომლებიც კონკრეტული სტუდენტის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

Quiz master

YouTube-ს კი AI-ის მიერ გენერირებული ქვიზები ემატება. ახალი ხელსაწყო მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საგანმანათლებლო ვიდეოების ყურებისას ხელი აიწიონ, კითხვები დასვან, განმარტებები მიიღონ და ქვიზებიც შეადგინონ — ეს კი განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება მათთვის, ვინც საათობით უყურებს ლექციებსა თუ სემინარებს.

Gemma 2 updates

დეველოპერებს გუგლი უფრო დიდ Gemma მოდელს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი Gemma 2-ს 27 მილიარდი პარამეტრის მქონე მოდელს ამატებს. ახალი თაობის მოდელი ივნისში ჩაეშვება.

Google Play

აქ კი უკვე ყურადღებას ამახვილებენ აპლიკაციების აღმოჩენის ახალ ფუნქციებზე, მომხმარებლების შეძენის ახალ გზებზე, Play Points-ის განახლებებსა და დეველოპერების სხვა ხელსაწყოების გაუმჯობესებაზე, იქნება ეს Google Play SDK Console თუ Play Integrity API.

თაღლითობის გამოვლენა

დიახ, გუგლი ახალ ფუნქციას გვაცნობს, რომელიც მომხმარებლებს პოტენციური თაღლითების შესახებ შეატყობინებს. ფუნქცია Gemini Nano-ს ეყრდნობა, რომელიც რეალურ დროში უსმენს ისეთ საუბრის ნიმუშებს, რომლებიც ჩვეულებრივ თაღლითობას უკავშირდება. სისტემა პაროლების მიღებისა და ვაუჩერების შეთავაზების საკითხებზეც რეაგირებს, რასაც ხშირად მიმართავენ მავნე მიზნებისთვის…

Ask Photos

Gemini AI მოდელზე იმუშავებს და Google Photos-ს ზაფხულში დაემატება. მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, კონკრეტული ფოტოები მათთვის ბუნებრივი ენით დაწერილი მოთხოვნებით მოძებნონ. ეს იმას ნიშნავს, რომ AI ფოტოს შინაარსს გაიაზრებს. 

Gemini-ის ტექნოლოგია

Gmail-ის მომხმარებლებს Gemini AI ტექნოლოგიის გამოყენებით ძიება, შეჯამება და ელ.ფოსტების შედგენა შეეძლებათ… ზოგადად კი Gemini 1.5 Pro-ს ახლა უფრო დიდი დოკუმენტების, კოდების ბაზების, ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერების გაანალიზების უნარი ექნება

გუგლი აქვე გვაცნობს Gemini Live-ს, ანუ ხმოვან ჩატებს Gemini-სთან. თანაც მომხმარებლებს შეუძლიათ, ჩეტბოტს შეაწყვეტინონ და დამაზუსტებელი კითხვებიც დაუსვან… Gemini Nano-საც აგებენ, ყველაზე პატარა AI მოდელს Chrome-ის დესკტოპ ვერსიისთვის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, Gemini მალე ანდროიდსაც დაემატება. Google Maps-ში კი დეველოპერებს საშუალებას მისცემს, კონკრეტული ადგილების AI შეჯამებებს გაეცნონ.

TPU AI chips

გუგლმა ახალი თაობის, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მეექვსე Tensor Processing Units (TPU) AI ჩიპის შესახებ განაცხადა და იგი Trillium-ის სახელით გაგვაცნო. წინა თაობაზე 4.7-ჯერ ეფექტური იქნება და წლის ბოლომდე ჩაეშვება.

AI in search

გუგლი საძიებო სისტემაში უფრო მეტ AI-ის ამატებს და ამერიკელ მომხმარებლებს უკვე AI მიმოხილვებსაც აცნობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საძიებო ველში მათთვის საინტერესო საკითხის მოძებნისას ჩეტბოტების მსგავს შეჯამებულ პასუხებს იხილავენ, ასე კი სურთ, ChatGPT-ისა და Perplexity-ის გაუწიონ კონკურენცია. 

Imagen 3

როგორც ამბობენ, AI მოდელის ოჯახის უახლესი წევრი უფრო ზუსტად იაზრებს მიღებულ ტექსტურ ბრძანებას, შესაბამისად, იმაზე უკეთაც თარგმნის მას სურათებად, ვიდრე მისი წინამორბენები. ამასთან, თუ გუგლს დავუჯერებთ, მეტად შემოქმედებითი და დეტალურია, ამიტომ შეცდომებსაც ნაკლებად უშვებს.

Veo

AI მოდელია, რომელსაც ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე დაახლოებით 1 წუთში 1080p ვიდეოების შექმნა შეუძლია. განსხვავებულ ვიზუალურ და კინემატოგრაფიულ სტილს გვთავაზობს, ამასთან, მისი რედაქტირებაც შესაძლებელია.

Circle to Search

ეს ფუნქცია კი ანდროიდის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სურათზე არსებული ობიექტების მოხაზვით, მასზე მეტი ინფორმაცია გაიგონ.

და თუ Google I/O-ის სრულად ნახვა გსურთ, ქვემოთ ვიდეოს დაგიტოვებთ:

 

Coca-Cola-მ ბილბორდებზე საჭმელების სახელები დააწერა

მეცნიერებმა ბამბის ნაყინის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს