ეს ამბავი რამდენიმე თვის წინ Google I/O-დან გავიგეთ, ახლა კი ამტკიცებენ, რომ ასე კონკურენტები უკან ჩამოიტოვეს… Imagen 3 „ყველაზე ძლიერი“ უფასო AI სურათების გენერატორია — კვლევაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ახალი მოდელი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ტოპ მეტოქეებს დაამარცხებს.
Imagen 3 ლატენტური დიფუზიის მოდელზეა აგებული, რაც მას საშუალებას აძლევს, მაღალი ხარისხის ფოტოები ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე დააგენერიროს. თუ კომპანიას დავუჯერებთ, აღნიშნული ინსტრუმენტი ფასიან Midjourney-ისა და DALL-E 3-ის აპლიკაციებსაც სჯობნის კომპლექსური მოთხოვნების დამუშავებასა და ნიუანსების დაფიქსირებაში, იქნება ეს კამერის კუთხეები, კომპოზიციები თუ განათება.
თუმცა მთავარ სიახლედ აქ მომხმარებლის მოთხოვნის უკეთ გააზრების უნარს მიიჩნევენ, რაც მკვეთრ დეტალებსა და ნაკლებად დამაბნეველ ვიზუალურ არტეფაქტებს გვთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს დამაკმაყოფილებელი შედეგების მისაღებად სიტყვების ზედმიწევნით შერჩევა აღარ დასჭირდებათ. შეუძლია, ადამიანს ხელზე ჭორფლებიც დაახატოს ან მეტად რთული ტექსტურებიც შემოგვთავაზოს.
Imagen 3 მომხმარებლებს მრავალ სტილსა და ფორმატს სთავაზობს, დაწყებული რეალისტური პეიზაჟებიდან, დამთავრებული თიხის ჯადოსნური კადრებით:
რაც მთავარია, ხელსაწყო, ტექსტის დამატების გაუმჯობესებულ ფუნქციასაც გვთავაზობს:
არც Imagen 3-ის არაეთიკურ გამოყენებაზე უნდა იდარდოთ, რადგან ახლა მეტად მკაცრი სახელმძღვანელო წესები შეიმუშავეს, რაც შეურაცხმყოფელ და არალეგალურ კონტენტს გამორიცხავს. მეტიც, Imagen 3 საჯარო ფიგურებისა და იარაღთან დაკავშირებულ ვიზუალს არ დააგენერირებს.
ცუდი მხოლოდ ის არის, რომ Google-ის Imagen 3-ით სარგებლობა ჯერ მარტო ამერიკელ მომხმარებლებს შეუძლიათ, თუმცა, ტრადიციულად, უნდა ველოდოთ, რომ იგი მალე მთელი მსოფლიოსთვის გახდება ხელმისაწვდომი.