„მონა ლიზა“ ლეონარდო და ვინჩის შესანიშნავი გონების ერთი ბრწყინვალე მაგალითია, თუმცა მისი ცოდნა და კონცეფციები დეტალურ ჩანახატებშიც მრავლად დაგვიტოვა… Google Arts & Culture-ს კი სურს, დიდებული ხელოვნების ნიმუშები ციფრულ სამყაროშიც გადაიტანოს, რაც იმას ნიშნავს, რომ და ვინჩის ჩანაწერების 1300 გვერდის ინტერაქციულად ნახვას შეძლებთ. ამგვარად პროექტს, რომელიც ლეონარდოსადმი მიძღვნილ უდიდეს ონლაინ გამოფენას წარმოადგენს, Inside a Genius Mind-ის სახელით გვაცნობენ.
სტუმრებს და ვინჩის 3000 ნახატის ხილვის საშუალება ექნებათ, რომელზეც იგი 26-დან 67-წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე მუშაობდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ გვერდების უმეტესობა აქამდე არასდროს გაციფრულებულა. შესაბამისად, Google ახლა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ ახალ პერსპექტივას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა გენიოსი თითქმის 600 წლის წინ.
თუმცა ეს უბრალო გაციფრულება არ ყოფილა, Google Arts & Culture-მა და ვინჩის კრეატიულობისა და ინტელექტის მაგია თანამედროვე მკვლევრებისთვის მანქანური სწავლებისა და გენერაციული AI-ის დახმარებით თარგმნა — ნამუშევრების ანიმაცია ინტერაქციული 3D მოდელების სახით შემოგვთავაზა. როგორც ამბობენ, მიზანი ლეონარდოსთვის ჩვენთან ვიზუალური ენით საუბრის საშუალების მიცემა იყო. ანიმაციას კი და ვინჩის სულისა და აზროვნების ინტერპრეტაციისთვის შესაბამის საშუალებად თვლიან…
ერთ-ერთი გამოცდილება მომხმარებლებს ვირტუალურ დაფაზე სკეტჩების და ვინჩის ჩანახატებთან გაერთიანების საშუალებას აძლევს, რათა ახალი გამოგონება AI გენერატორის დახმარებით გააცოცხლონ. მეორე გამოცდილებაში კი მომხმარებლებს შეუძლიათ, მაგალითად, „ფრინველი“ ჩაწერონ და სწორედ ამ თემატიკის სკეტჩები მიიღონ შედეგად. აი, რაც შეეხება Street View-ს, აქ უკვე და ვინჩის შემოქმედების ვირტუალური მუზეუმის ნახვაა შესაძლებელი. მსგავსი ინტერაქციები კი ლეონარდოს სამყაროში შესვლას ემსახურება…
„გავაანალიზეთ, რომ აუდიტორიას კულტურასთან განსხვავებული ინტერაქცია სჭირდებოდა. ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ ეს, როგორც იდეა, რომლითაც რაღაცების შესახებ უფრო მეტის გაგებაა შესაძლებელი“, — აცხადებს ამიტ სუდი, Google Arts & Culture-ის ხელმძღვანელი.