უცხო ადამიანთან საუბარი, როდესაც ერთ სწორ ნაბიჯს ან შეცდომას შეუძლია, მთელი თქვენი კარიერული პერსპექტივა შეცვალოს, საკმაოდ ამაღელვებელია. და რა მოხდება, თუ რეპეტიციას სარკის ნაცვლად გაწვრთნილ, არაკრიტიკულ ფიგურასთან გაივლით?
სწორედ ამ მიზეზით შექმნა Google-მა Interview Warm-Up — უფასო ინსტრუმენტი, რომელიც ინტერვიუსთვის მომზადებაში დაგეხმარებათ, რათა თავი უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოთ პოტენციური დამსაქმებლის წინაშე. აპლიკაცია, პასუხების გასაანალიზებლად და რეკომენდაციების მოსაცემად, მანქანურ სწავლებას იყენებს, რაც მეტი პროფესიონალიზმის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.
საწყის ეტაპზე ან მიკროფონში საუბრობთ, ან პასუხებს წერილობით კრეფთ. ინტერვიუს ხელსაწყო შექმნილია Google-ის კარიერის სერთიფიკატებთან დაკავშირებული პასუხების შესაფასებლად, რომლებიც მოიცავს UX დიზაინს, ელექტრონულ კომერციას, პროექტის მენეჯმენტს, მონაცემთა ანალიტიკას და IT მხარდაჭერას.
Interview Warm-Up მიგითითებთ სიტყვებზე, რომლებსაც ხშირად იმეორებთ და ასევე, გთავაზობთ კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებულ ტერმინებს. ცხადია, ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ, ინტერვიუერის თვალში მეტად პროფესიონალური შთაბეჭდილება დატოვოთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სერვისი შეუზღუდავ ვარჯიშში შეგიწყობთ ხელს. მართალია, პასუხები არ შეინახება Google-ის მონაცემთა ბაზაში, თუმცა ტრანსკრიპტების ატვირთვა შეგიძლიათ.