in ,

ყურსასმენის კაბელი Google-ისგან, რომელზე შეხებითაც მუსიკას გადართავთ, დააპაუზებთ და ა.შ.

Google ნამდვილად გამოირჩევა მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნით, მისი შემდეგი ნაბიჯი კი საკმაოდ შთამბეჭდავია. ვსაუბრობთ ყურსასმენის კაბელზე, რომლის შესახებაც Google-მა ოფიციალურად, რამდენიმე დღის წინ დაწერა. სპეციალურ ბლოგში, რომელიც Google-ის მიერაა გამოქვეყნებული დეტალურადაა ახსნილი ამ ახალი პროდუქტის – ყურსასმენის „მგრძნობიარე“ კაბელის მუშაობის პრინციპი.

პროდუქტი სახელად I/O braid მისი (ანუ კაბელის) დაჭიმვაზე, დაქაჩვაზე, ფრთხილ შეხებაზე, მოჭერასა თუ თითის გასმაზე რეაგირებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ შეხების ტიპების გამოყენებით, მაშინ, როცა ამ ყურსასმენით მუსიკას უსმენთ, შეძლებთ კომპოზიციის დაპაუზებას, გადართვას, სხვა ჟანრის მითითებას, ხმის რეგულირებას, ეს ყველაფერი კი მხოლოთ თქვენი და კაბელის ტაქტილური ინტერაქციის შედეგად მოხდება.

რა თქმა უნდა, პროდუქტს აქვს პოტენციალი შეცვალოს ყურსასმენებთან ჩვენი ინტერაქციის პრაქტიკა და მეტიც, შეცვალოს ის, თუ როგორ ვუსმენთ პოდკასტებს, სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერებსა თუ მუსიკას.

ყურსასმენის კაბელში გამოყენებულია ტექნოლოგია, რომელსაც Google-ში “helical sensing matrix” (HSM) უწოდებენ. ეს ტექნოლოგია მომხმარებლის ქცევის – კაბელზე შეხების ჩასაწერად გამოიყენება. I/O braid-ის 360 გრადუსიან მგრძნობელობას კი მასში გამავალი სპეციალური ძაფები უზრუნველყოფენ. ვიზუალური უკუკავშირის მისაღებად კი, რომელსაც ქვემოთ მოცემულ გიფში, ნათების სახით ხედავთ, სპეციალური ბოჭკოვანი ძაფებია გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯერ კიდევ ექსპერიმენტული პროექტია, თუმცა, Google გვთავაზობს რამდენიმე რეალურ გზას, თუ როგორ შეიძლება ამ პროდუქტის სამომხმარებლო ელექტრონიკაში გამოყენება. თქვენ შეგიძლიათ ის თქვენი სმარტფონის სპიკერს დაუკავშიროთ, ან გამოიყენოთ, როგორც ყურსასმენი, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმართ მუსიკის მოსასმენად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაზარზე ამჟამად უკაბელო ყურსასმენების ბუმია…

ლოგიკურია გაჩნდეს კითხვა, თუ როგორ ახერხებს ყურსასმენის კაბელი შეხების სხვადასხვა ტიპები ერთმანეთისგან განასხვავოს. ამისათვის Google-ში მანქანური დასწავლის მეთოდი გამოიყენეს, ანუ, შეხებების ტიპების განსასაზღვრად კაბელი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. შესაბამისი მოდელი კი მოხალისეების დახმარებით გაწვრთნეს. Google-ის ბლოგში ნათქვამია, რომ ამ სისტემას სხვადასხვა ტიპის შეხების ამოცნობა 94%-იანი სიზუსტით შეუძლია. ეს ძალიან კარგი შედეგია, თუმცა, სანამ ტექნოლოგიური პროდუქტი მომხმარებელთა ხელებამდე მიაღწევს, მისი დახვეწა ისევ საჭიროა. გარდა ამისა, ყურსასმენის კაბელზე შემთხვევითი შეხების ალბათობაც ძალიან დიდია. ასე რომ, Google-ს, სავარაუდოდ, მოუწევს კაბელს შემთხვევითი და გამიზნული შეხებების გარჩევაც „ასწავლოს“.

აღსანიშნავია, რომ ცდებისას გამოჩნდა – I/O braid-ის დახმარებით მუსიკის დაპაუზება, ან ხმის რეგულირება გაცილებით სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე ეს ტრადიციულ შემთხვევაში – სმარტფონის ეკრანის განათებისა და თუნდაც, პაუზის ნიშანზე დაჭერის დროს ხდება. ჯერჯერობით, უცნობია, იქნება თუ არა ეს პროდუქტი მასობრივი მოხმარებისთვის. თუმცა მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

Samsung-ის ახალი, 50 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორი სმარტფონებისთვის

მდგრადი ტრანსპორტის განვითარება საქართველოში