წელს Google 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და, როგორც ჩანს, ამან ტექნიკურ გიგანტზე სენტიმენტალურად იმოქმედა — ასე დაუბრუნდნენ საწყისებს და იხსენებენ, როგორ შეიქმნა საკულტო ლოგო. ახალ ბლოგპოსტში დეტალურად გვიზიარებენ იმ გზას, რომლითაც ბრენდი დღევანდელ ვიზუალურ იდენტობამდე მოიყვანა…
90-იანი წლების ბოლოს ციფრული ლანდშაფტი თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდებოდა და სტენფორდის უნივერსიტეტის ორი დოქტორანტი, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი, რაღაც დიდის ზღვარზე იყო: კერძოდ, Google-ის შექმნის. მათ სჭირდებოდათ ლოგო, ვიზუალური იდენტობა, რათა თავიანთი რევოლუციური საძიებო სისტემა წარმოედგინათ. ამისათვის რუთ კედარს დაუკავშირდნენ, ხელოვანსა და სტენდორდში პროდუქტის დიზაინის ინსტრუქტორს — სწორედ მას დაევალა გუგლის საკულტო ლოგოს შექმნა.
თავის მხრივ, კედარის შემოქმედებითი ძიებების პროცესს იმდროინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაკადები კვებავდა. ასევე, აქტუალური იყო პოპ-კულტურით გატაცება და მისთვის დამახასიათებელი ელემენტები, რასაც თან ერთოდა ჰარი პოტერის ბუმი. რომ აღარაფერი ვთქვათ ტიტანიკის ჰიტზე: My Heart Will Go On. როგორც ბლოგში ვკითხულობთ, რუთის შთაგონება მართლაც ამ ცალკეულ ფაქტორებს დაეფუძნა — ქაოსიდან შექმნა წესრიგი და ასე მივიდა ლოგომდე, რომელიც ყველა დროს სცდება.
ამ ყველაფრის ფონზე, მთავარი მიზანი ისეთი ლოგოს შემუშავება იყო, რომელიც მყისიერად ცნობად ნიშნად იქცეოდა. გამოწვევას კი ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ მოცემულ პერიოდში ინტერნეტის მიმართ სკეპტიკური განწყობა სუფევდა, საძიებო სისტემების კონცეფცია კი ახალი იყო. ამიტომაც გადაწყვიტა, მსგავს უარყოფით ასპექტებს ყველაზე დადებითი დაჰპირისპირებოდა — დაეყრდნო თამაშებისა და ძირითადი ფერების სამყაროს. ასე შექმნა ხიდი ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის, რომელიც შიშისგან დაცლილი, აღმოჩენის სიხარულით სავსე იყო.
აქვე, როგორც ვკითხულობთ, რუთისთვის თამაში მხოლოდ ბავშვებთან არ ასოცირდებოდა. სანაცვლოდ, ეს ეხებოდა ცნობისმოყვარეობას, ძიებით სიამოვნების მიღებას და რისკებზე წასვლას. შედეგად, Google-ის მხიარულ, პატარა, ნათურებითა და LEGO-ს კუბიკებით სავსე ოფისში ჩამოყალიბებული ბრენდის ლოგომ ფერებით გაჟღენთილი ლოგო მიიღო. ეს ფერები, საბავშვო კუბიკების მსგავსად, სიმბოლურად გამოხატავდა იმ აზრს, რომ ძიება ცოდნის მიღებისა და შესაძლებლობების გახსნის წყაროა.
რა თქმა უნდა, ძირითადი ფერები შემთხვევითობის პრინციპით არ შეურჩევიათ — ეს სიმბოლურად გამოხატავს ფერთა უსასრულო სპექტრის საფუძველს და, შესაბამისად, უსასრულო ცოდნას, რომელზეც მარტივი ძიებით მიგვიწვდება ხელი.
ათწლეულების შემდეგაც კი Google-ის ლოგო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ცენტრალურ ნაწილად რჩება….