in

ჩვენ ყველანი Google-ის სამყაროში ვცხოვრობთ

დაახლოებით 20 წლის წინ Google-ის მინიმალისტური დიზაინი გამორჩეული ალტერნატივა იყო იმ დროის სხვა საძიებო სისტემებისთვის — AltaVista, Yahoo! ორივე მათგანი უამრავ რეკლამასა და სტატიას შეიცავდა, რაც საკმაოდ დამღლელი იყო ვიზუალური თვალსაზრისით. ამასთან, გუგლი უფრო განახლებულ და შესაბამის შედეგებს აჩვენებდა.

ორი ათწლეულის შემდეგ კი Google-თან მომხმარებელთა გამოცდილება მკვეთრად შეიცვალა. ახლა ყველანი გაცილებით მეტ დროს ვატარებთ ინტერნეტ კომპანიის სამყაროში… მაგალითად, თუ შოკოლადის ჩიფსებს ვეძებთ, ვხედავთ თემატურ რეკლამებს, რასაც მოჰყვება რეცეპტები, Google Maps და Google-ის მიმოხილვები ახლომახლო, YouTube-ის ვიდეოები, თუ როგორ კეთდება შოკოლადის ჩიფსი და ა. შ. მარტივად რომ ვთქვათ, ის გახდა ტექნოლოგიური ბრენდი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში დომინირებს.

Google Photos, Google Docs, Google Drive, Google Finance, Google Meet, Google Hangouts, Google Maps — დიახ, ეს ყველაფერი ჩვენს სმარტფონებში წერია და თითოეულ მათგანს თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ. გარდა ამისა, კომპანია ამ „ეკრანულ სივრცეს“ გასცდა და სახლებში ფიზიკურადაც შემოიჭრა: My Nest სახლის უსაფრთხოების კამერა, რომელსაც ახლა ბევრი ოჯახი იყენებს, დამზადებულია Google-ის მიერ.

არაოფიციალური შეფასებით, დღეში მინიმუმ შვიდ საათს ვატარებთ Google-თან დაკავშირებულ პროდუქტებთან.

Google-ის ამგვარმა გავრცელებამ კომპანია რღვევის წერტილამდე მიიყვანა — მას იუსტიციის დეპარტამენტმა ანტიკონკურენტული პრაქტიკის გამო უჩივლა, რაც აშშ-ის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიმონოპოლიური ქმედება იყო ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში. მთავრობის საქმე ძირითადად იმას ეხებოდა, თუ როგორ შექმნა კომპანიამ მონოპოლია ექსკლუზიური ბიზნეს კონტრაქტებისა და შეთანხმებების საშუალებით, რომლებიც კონკურენტებს ბლოკავდა.

ამის საპასუხოდ, გუგლმა ტვიტერზე დაწერა, რომ სარჩელი მეტწილად ხარვეზებს შეიცავდა. ასევე, დასძინა: „ადამიანები გუგლს იმიტომ იყენებენ, რომ მათ სურთ და არა იმიტომ, რომ იძულებულნი არიან ან იმიტომ, რომ ალტერნატივას ვერ პოულობენ“.

ცხადია, კომპანია თავის ზოგიერთ პროდუქტს იმისთვის იყენებს, რომ ძირითად ბაზარზე შეინარჩუნოს დომინირება. თანაც, გუგლი უზარმაზარ ინფორმაციას აგროვებს ამ პროდუქტების მეშვეობით, რათა ჩვენი ქცევისა და ინტერესების შესახებ მოიპოვოს დეტალური ცნობები.

თუმცა კრეიგ ნიუმარკის ჟურნალისტიკის სამაგისტრო სკოლის პროფესორმა და წიგნის What Would Google Do?, ავტორმა საძიებო გიგანტის აღმავლობის შესახებ, თქვა, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადგილია Google-ის სამყაროს გარეთ. „პირველი, ჩვენ არ ვიყენებთ Google-ს სოციალური მედიისთვის — ამისთვის, Facebook-ზე და TikTok-ზე ვართ. ამასთან, ხელოვნური ინტელექტი, თუნდაც ის ტიპი, რომელსაც გუგლი ავითარებს, ჯერ კიდევ საკმაოდ არაინტელექტუალურია. მთლიანობაში, ინტერნეტი ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა“

სად არის ჩვენი ცხოვრებისა და Google-ის გადაკვეთის წერტილები?

რეკლამა ყველგან

ინტერნეტით სარგებლობისას, გუგლთან ისე ვურთიერთობთ, რომ ხშირად ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. რეალურად კი ჩვენ მიერ მონახულებული ვებგვერდების უმეტესობა Google-ის სარეკლამო ტექნოლოგიებს შეიცავს, რომლებიც ჩვენს ქმედებებს ადევნებს თვალყურს. ამის ფონზე, ისიც არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ რეკლამების უმეტესობა სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის — კვლევითი ფირმა eMarketer-ის თანახმად, გუგლმა და ფეისბუქმა გასულ წელს ციფრული რეკლამის ხარჯების 59% შეადგინეს.

Google-ის სარეკლამო ტექნოლოგიები ასევე მოიცავს უხილავ ანალიტიკურ კოდს, რომელიც ფონად ბევრ ვებსაიტზე მუშაობს. DuckDuckGo-ს ანალიზის მიხედვით, ჩვენ მიერ მონახულებული ვებსაიტების დაახლოებით 74% იყენებს Google Analytics-ს. ასე რომ, ეს კომპანიას ძალიან ბევრ მონაცემს ვაწვდით ჩვენი ინტერნეტ ცხოვრების შესახებ.

სმარტფონები და კომპიუტერები

დავიწყოთ ანდროიდით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მობილური ოპერაციული სისტემით. ანდროიდ მოწყობილობების მქონე ადამიანები Google Play Store-დან იწერენ აპლიკაციებს — მათ შორის აუცილებლადაა თავად კომპანიის ნაგულისხმევი პროგრამები.

iPhone-ის შემთხვევაშიც 2007 წლიდან სწორედ გუგლია ნაგულისხმევი საძიებო ზოლი Safari-ში. Gmail კი ყველაზე პოპულარული ელ.ფოსტის სერვისია, მსოფლიოში 1,5 მილიარდზე მეტი მომხმარებლით. აღარაფერს ვამბობთ YouTube-ზე, რომელიც ამქვეყნად არსებული ყველა ვიდეოს თავშესაყარია.

სმარტფონების გარდა, Google არის დომინანტი ძალა ჩვენს პერსონალურ კომპიუტერებზე. ზოგიერთი შეფასებით, ჩვენგან 65 პროცენტზე მეტი იყენებს Google Chrome ბრაუზერს. ხოლო სკოლების უმეტესობა Chromebook-ებს ირჩევს, რომლებიც გუგლის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.

სახლი და სხვა

თუ თქვენ ახლახან იყიდეთ ინტერნეტთან დაკავშირებული სახლის გაჯეტი, დიდი შანსია, რომ Google დგას ამის უკან. ბოლოს და ბოლოს, კომპანია Google Home-ს გვთავაზობს — ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სმარტ დინამიკს, რომელსაც კომპანიის ვირტუალური ასისტენტი ახლავს. ასევე, მას ეკუთვნის Nest, ჭკვიანი სახლის ბრენდი, რომელიც ინტერნეტთან დაკავშირებულ უსაფრთხოების კამერებს, კვამლის დეტექტორებს და თერმოსტატებს აწარმოებს.

ჩვენ ხშირად ვურთიერთობთ Google-თან მაშინაც კი, როდესაც ვიყენებთ აპლიკაციას, რომელსაც მკაფიო კავშირი არ აქვს მასთან. ეს იმიტომ ხდება, რომ ტექნიკური გიგანტი ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას ან სერვერის ტექნოლოგიასაც გვთავაზობს, რაც სხვადასხვა ფაილის ატვირთვა/შენახვაში გვეხმარება.

ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსური მტვრის ფოტოებს აქვეყნებს!

Coca-Cola-ს მარკეტინგული ხედვა — რას ეფუძნება მისი „ნამდვილი მაგია“?