სანამ თქვენ დილის ყავას მიირთმევთ, ჩვენ Google-ის დაფუძნებაზე გიამბობთ მოკლედ. მსოფლიოს გიგანტი საძიებო სისტემის ამბავი 1995 წელს იწყება, სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც ორმა სტუდენტმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა გაიცნეს ერთმანეთი. საძიებო სისტემა, რომელიც ბმულებს პრიორიტეტების მიხედვით ახარისხებდა სწორედ საერთო საცხოვრებლის ოთახებში შეიქმნა, სახელწოდებით Backrub.
საძიებო სისტემა უნიკალური იმით იყო, რომ მათსავე შემუშავებულ ტექნოლოგიას PageRank იყენებდა, რომელიც ვებგვერდის რელევანტურობას მისი გვერდების რაოდენობისა და მათი მნიშვნელობის მიხედვით განსაზღვრავდა. ეს მაშინ, როცა იმ დროისთვის, საძიებო სისტემები შედეგებს ძიების მოთხოვნის სიხშირის მიხედვით რანჟირებდნენ.
გარდა იმისა, რომ სისტემა ძალიან კარგი გამოდგა, პეიჯმა და ბრინმა მისი მასშტაბირების პერსპექტივა დაინახეს. გამომდინარე იქიდან, რომ PageRank ბმულების ანალიზის საფუძველზე მუშაობდა, რაც უფრო დიდი იქნებოდა ინტერნეტ სივრცე, მით უკეთ იფუნქციონირებდა სისტემა. Backrub-ის დადებითმა შეფასებებმა ბრინსა და პეიჯს პროექტის განვითარებისკენ უბიძგა. საძიებო სისტემას სახელად Google უწოდეს, googol-ის მსგავსად, რომელიც აღნიშნავს 1-იანს და 100 ნულს.
თავდაპირველად, ისინი ტექნოლოგიების ლიცენზიაზე მუშაობას შეუდგნენ, თუმცა, ვერავინ იპოვეს, ვისაც პროდუქტი მისი შემუშავების ადრეულ ეტაპზე ენდომებოდა. შემდეგ, ინვესტიციების მოზიდვაზე გადავიდნენ, რათა პროდუქტი გაეუმჯობესებინათ.
Google ოფიციალურად 1998 წელს დაფუძნდა, მას შემდეგ, რაც ენდი ბეხროლშეიმმა, Sun Microsystems-ის თანადამფუძნებელმა სტარტაპში $100 000-იანი ინვესტიცია ჩადო. პეიჯმა და ბრინმა თანხა კალიფორნიაში, მენლო პარკის ერთ-ერთ ავტოფარეხში კომპანიის პირველი შტაბ-ბინის გახსნისთვის გამოიყენეს.
მომდევნო ეტაპებზე, დამფუძნებლებმა არაერთხელ მოიპოვეს ინვესტიცია. Angel ინვესტორებს შორის, ჯეფ ბეზოსიც აღმოჩნდა.
2001 წელს, PageRank-ის ტექნოლოგიისთვის პატენტი მოიპოვეს. სტარტაპი სწრაფად იზრდებოდა. კომპანიამ Google-ის არაერთი ახალი პროდუქტი წარმოადგინა – Gmail, Google Docs, Google Drive, Google Voice, Chrome. შეიძინა YouTube და Blogger. com. დღესდღეობით, Google მილიარდობით მომხმარებლის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის ღირებულება $1820 მილიარდს შეადგენს.
რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.