in

Google Maps-ში ჰაერის დაბინძურების დონის შემოწმებას შევძლებთ

veon
veon

უახლესი განახლების შედეგად, Google Maps უფრო დახვეწილ სანავიგაციო სისტემად გვევლინება — აპლიკაცია მომხმარებლებს მზის, ჰაერის ხარისხისა და დაბინძურების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ასეთი სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს რეალობაში, ვინაიდან კლიმატის პრობლემები სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს.

ამიერიდან აპლიკაციას რუკების, მარშრუტებისა და ადგილების API-ების გარდა, ახალი, „Environment“ კატეგორია დაემატება. მის გარგლებში დაახლოებით 50 მილიონი მონაცემი დამუშავდება, რათა მომხმარებლებმა ზუსტი ინფორმაცია მიიღონ კლიმატის შესახებ. ტექნიკური გიგანტის განცხადებით, ამ მონაცემებზე წვდომა დეველოპერებს, ბიზნესსა და სხვა ინსტიტუტებს უფრო ეკოლოგიურად ინფორმირებული ხელსაწყოების თუ სერვისების შექმნაში დაეხმარება. მაგალითად, ჰაერის ხარისხისა და დაბინძურების პროგნოზები შეიძლება საზოგადოების დასახმარებლად გამოიყენონ, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები თავიდან აირიდონ.

რაც შეეხება მზესთან დაკავშირებულ მონაცემებს, ამ თვალსაზრისით, საინტერესოა მზის პანელების სისტემის განვითარება — კერძოდ, კომპანია იმედოვნებს, რომ აპლიკაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეფექტურად გამოიყენებენ მოწყობილობებისთვის. „ეს ტექნოლოგია სახლის მფლობელებს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად და მარტივად დააინსტალირონ მზის პანელები და მდგრადი ენერგიის მოხმარება დაიწყონ“.

აქვე აღსანიშნავია, რომ ზუსტი რენდერების შესაქმნელად API გაწვრთნილ AI მოდელებს და მანქანათმცოდნეობის სისტემებს იყენებს. „კომპანიის მისიაა, ინდივიდებს, მეცნიერებსა და ფართო საზოგადოებებს ნახშირბადის ემისიების შემცირებაში დავეხმაროთ. ამისათვის ჩვენი API იყენებს როგორც შიდა, ისე საჯარო მონაცემებს; ასევე, კომპანიის გეოსივრცულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა Google Earth, Earth Engine და Environmental Insights Explorer“.

მარკეტერის პოდკასტი | ბიზნეს მენეჯერი მარტივად

მცენარეს ყვირილი შეუძლია — კვლევა