3
Feb
2020

როგორ გააცურა Google Maps გერმანელმა არტისტმა

3 Feb 2020

Alta
Alta


Google Maps, ანუ Google-ის ციფრული რუკა, რომელსაც Android სისტემის ყველა მომხმარებელი იყენებს, დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და მისი დახმარებით სულ უფრო მეტი და სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეგვიძლია. მათ შორის, რუკას აქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელსაც გადაადგილებისას ხშირად ვიყენებთ – რუკა გვიჩვენებს, გზად სად შეიძლება შემოგვხვდეს საცობი. ორი დღის წინ, გერმანელი არტისტის მიერ, ბერლინში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად ცხადი გახდა, რომ სისტემის მოტყუება არც ისე რთული საქმეა. ხელოვანმა სიმონ ვეკერტმა ურიკაში 99 სმარტფონი მოათავსა და მათში ადგილმდებარეობაზე წვდომის ფუნქცია გააქტიურა. შედეგად, იმ ცარიელ ქუჩებზე, სადაც ვეკერტი ურიკით გადაადგილდებოდა, Google Maps საცობს აჩვენებდა.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ინფორმაცია, რომელიც Google Maps საცობების შესახებ აქვს, კონკრეტული, აქტიური მოწყობილობების მონაცემების შეჯერების შედეგია და შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა ქუჩას ფეხით მივუყვებით, თუ ტრანსპორტს ვიყენებთ, Google Maps-ზე ნაჩვენები საცობის გაფრთხილება კონკრეტულ ადგილზე მდებარე აქტიური, Android მოწყობილობების შეკრების შედეგია. შედეგების დოკუმენტირებისთვის არტისტმა ვიდეოც გადაიღო და Youtube არხზეც ატვირთა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიკერტი Google Maps-ის მექანიზმს ეთამაშა და მეტიც, გააცურა ის. Business Insider-თან საუბრისას, Google-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რითი გადაადგილდებიან მომხმარებლები, მოხარულები არიან მათი ნებისმიერი ტიპის კრეატიულობის ნახვით. კრეატიულობის, რომელიც Google Maps-ს, სამომავლოდ, ტექნოლოგიის დახვეწაში დაეხმარება.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არ იქნება Google Maps-ის ალგორითმის გაცურების ბოლო მცდელობა, ან შემთხვევა. ფაქტის ცნობადობიდან გამომდინარე, შესაძლოა, კიდევ ბევრმა ადამიანმა სცადოს მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება. თუმცა, ალბათ, მთავარია, რა წვლილის შეტანა შეუძლია მომხმარებელთა მხრიდან აპლიკაციაში ერთგვარი წუნების აღმოჩენას მის განვითარებაში.

განხილვა