გუგლმა უკვე არაერთი AI ფუნქცია შემოგვთავაზა Maps-ის მომხმარებლებისთვის ნავიგაციის გასამარტივებლად, ახლა კი კომპანია პირდაპირ Gemini-ის გვთავაზობს აპლიკაციაში, რათა AI ბოტისთვის კითხვების დასმაც შევძლოთ მანქანის ტარების დროს, ნავიგაციის გასამარტივებლად თუ სხვა ამოცანების შესასრულებლად.
მაგალითისთვის, მანქანის მართვის დროს მომხმარებლებს შეუძლიათ, Gemini-ის გზად არსებულ ადგილებზე ჰკითხონ, თავიანთი ინტერესები დაიკმაყოფილონ სპორტისა თუ ახალი ამბების სიახლეების მოსმენით ან რაღაც ღონისძიებებიც კი დაამატონ კალენდარს. ისეთ კითხვასაც უპასუხებს, როგორიცაა: „გზად რაიმე ვეგანური, ბიუჯეტური რესტორანი ხომ არ არის? და პარკინგი აქვს?“.

საგზაო შემთხვევების შესახებაც კი შეუძლიათ, სთხოვონ Gemini-ის ინფორმაციის მოწოდება და Maps მყისიერად ეტყვის მათ, ამ მიზეზით არის თუ არა რაიმე შეფერხება…

ამასთან, გუგლი აპლიკაციას ახალ ფუნქციას ამატებს, რომელიც Gemini-ის Street View-ის მონაცემზე მისცემს წვდომას და ასე ნავიგაციისას ინსტრუქციებს გააუმჯობესებს — მხოლოდ მარცხნივ წადიო კი აღარ გეტყვით ან 500 მეტრში მოუხვიეთო, არამედ ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურების, რესტორნებისა თუ ცნობილი შენობების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას მანამ, სანამ მოხვევას გადაწყვეტთ — ამისთვის Gemini 250 მილიონი ადგილის შესახებ არსებულ ცნობებს Street View-ს სურათებს ადარებს.
Google Lens-იც აქვეა, თუ დაგაინტერესებთ, რა შენობის წინ დგახართ, შეგიძლიათ კამერას დაანახოთ და იგი სრულ ინფორმაციას მოგაწვდით, შემდეგ კითხვაზეც კი გიპასუხებთ: „რა ადგილია და რატომ არის პოპულარული?“.
Gemini-ის ნავიგაციის ფუნქცია iOS-ისა და Android-ის მოწყობილობებზე მომდევნო კვირებში ჩაეშვება. გარკვეულ ფუნქციებზე წვდომას კი ჯერ მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლები მიიღებენ…











