in

მალე Google Maps-ში ქალაქების ვიზუალურად ნახვასაც შეძლებთ

M2

Google Maps უკვე იმერსიულ რუკას გთავაზობთ. ეს საშუალებას მოგცემთ, არა მარტო მიხვიდეთ კონკრეტულ ადგილამდე, არამედ ვიზუალურად ნახოთ, როგორ გამოიყურება იგი. ტექნოლოგიური წინსვლისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, აპლიკაციამ ქუჩების, გზებისა და ღირსშესანიშნაობების ციფრული მოდელის შესაქმნელად წლების განმავლობაში დაგროვილი ქუჩის ხედებისა და საჰაერო ფოტოები გააერთიანა.

ახალი ფუნქცია მოგზაურებს და ზოგადად, Google Maps-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მეტი ინფორმაცია მიიღონ იმ ადგილების შესახებ, რომლის ნახვაც სურთ. მათ შეუძლიათ იხილონ, როგორ გამოიყურება კონკრეტული სამეზობლო, ღირსშესანიშნაობა, რესტორანი თუ სხვა რამ. ინტერნეტში მოძიებული სურათების ნაცვლად, Google Maps მომხმარებლებს კონკრეტული გარემოს რეალურთან მიახლოებულ სურათს აჩვენებს, რომელშიც გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება.

თუ ლონდონში მოგზაურობას გეგმავთ და გსურთ, გაიგოთ მისი ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, აპლიკაციით ვირტუალურად შეძლებთ დაათვალიეროთ, რა ხდება უესტმინსტერის სამეზობლოში და ნახოთ ისეთი შთამბეჭდავი არქიტექტურის ნიმუშები, როგორიცაა, მაგალითად, ბიგ-ბენი, — ამბობს მირიამ დანიელი, Google Maps-ის ვიცე-პრეზიდენტი.

მეტიც, მომხმარებლებს შეუძლიათ, კონკრეტული ადგილი დღის ნებისმიერ დროსა და განსხვავებულ ამინდის პირობებში ნახონ. ეს მათ კონკრეტულ ადგილზე სტუმრობამდე კარგად მომზადების საშუალებას მისცემს, რითაც, მაგალითად, წვიმის გამო დასველებაც გამოირიცხება… აქვე, ზოგიერთი რესტორნის ინტერიერის დათვალიერებაც შესაძლებელი იქნება. ეს განახლება ისეთი გზების პოვნაშიც დაგეხმარებათ, რითაც საწვავსაც დაზოგავთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმერსიული ხედების ნახვას ნებისმიერი მოწყობილობით მოახერხებთ. წლის ბოლოსთვის იგი ხელმისაწვდომი ლოს-ანჯელესში, ლონდონში, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და ტოკიოში იქნება, ეტაპობრივად კი მისი გავრცელების არეალი მეტად გაფართოვდება.

ტოპ 10 დეველოპერული პროექტი, სადაც დაგხვდებათ ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემები!

Festina-ს 120 წლის იუბილე და საჩუქარი ქალებს