სკოლის ასაკიდანვე ჩემი ოცნება იყო “Silicon Valley”-ში მოხვედრა. 2013 წელს ჩავაბარე HULT-ში (სანფრანცისკოს კამპუსში) და ეს ოცნებაც ავიხდინე. სანფრანცისკოში ცხოვრებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა ყველაზე საინტერესო და ამავდროულად ამაღელვებელია ისეთი კომპანიების ირგვლივ ტრიალი როგორიცაა: Apple, Facebook, Twitter, Google, HP, Yahoo და სხვა. შეუძლებელია ცხოვრობდე აქ და ერთხელ მაინც არ მოხვდე ამ ორგანიზაციებში.
ჩვენი უნივერსიტეტის დიჯიტალ მარკეტინგის კლუბმა, გადაწყვიტა კლუბის წევრებისათვის მოეწყო ექსკურსია – Google-ში. უნივერსიტეტის კარიერის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავის მეგობარ, Google-ის თანამშრომელ, ფაბიანთან დაგვაკავშირა და ისიც სიამოვნებით დაგვთანხმდა მასპინძლობას.
Google-ში ვიზიტი და კამპუსების დათვალიერება ორგანიზაციული კულტურის ნაწილია, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ Google-ში მომუშავე პირის მასპინძლობის შემთხვევაში.
მასპინძელი გვყავდა და ჩვენც წავედით…
Google მდებარეობს მაუნთინვიუში, სანფრანცისკოსგან 1 საათის დაშორებით სამხრეთით. სათაო ოფისთან მიახლოებისთანავე ხვდები, რომ ეს არ არის რიგითი კომპანია, 9-დან 6 საათამდე ოთკუთხედ მაგიდებთან მჯდომი თანამშრომლებით და მუდამ უკმაყოფილო უფროსებით. Google მართლაც ყველაფრით განსხვავებულია, ადვილად შესამჩნევია თანამშრომლებისათვის შექმნილი მაქსიმალურად კომფორტული გარემო, თანამშრომლების სამუშაოსადმი განსხვავებული დამოკიდებულება და ორგანიზაციაში არსებული პოზიტიური ატმოსფეროთო.
Google-ის კამპუსი დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, რომელიც პატარა ქალაქს უფრო ჰგავს ვიდრე კომპანიის ოფისს. შენობებს შორის გზებზე თანამშრომლები ფერადი ველოსიპედებით და ელექტრო ავტომობილებით გადაადგილდებიან. განსაკუთრებით, შთამბეჭდავია ამ ქუჩებში Google-ის თვითმავალი ავტომობილის “ლაივში” ნახვა.
ჩვენი ვიზიტი მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური შენობის მონახულებით შემოიფარგლა. თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კიდევ ერთი მიზანი დამესახა ცხოვრებაში – მე გუგლში უნდა ვიმუშავო.
სათაო ოფისში ყოფნისას მივხვდი, ყველაფერთან ერთად, Google ტურისტული დანიშნულების პუნქტიცაა. ირგვლივ თანამშრომებთან ერთად საკმოდ დიდი რაოდენობით დამთვალიერბლები ტრიალებს. ტურისტებისა და თანამშრომელბის გარდა ოფისში შინაურ ცხოველებსაც არიან. როგორც ფაბიანთან საუბრისას შევიტყვეთ, თანამშრომლებს შეუძლიათ მოიყვანონ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები და მათთან ერთად იმუშაონ. ერთ-ერთ საკონფერენციო ოთახს, Google-ის თანამშრომლის გარდაცვლილი ძაღლის სახელიც კი ჰქვია.
შენობების ინტერიერი საკმაოდ ფერადი და არაორდინალურია, ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ოთახები განტვირთვისთვის, შეხვედრის პატარა დარბაზები, ბევრი რბილი ავეჯი და რაც მთავარია მასაჟის სავარძლები. თანამშრომლებს სურვილისამებრ შეუძლიათ აირჩიონ სამუშაო კუთხე და მაქსიმალურ კომპორტში შეასრულონ მათი ამოცანები. ოფისში ოთახების სახელებიც საკმაოდ უცნაურია, მაგალითად ერთ-ერთ შენობაში ყველა ოთახს აფრიკული ქვეყნის ან ქალაქის სახელი აქვს და მათი განლაგება ემთხვევა რუქაზე ქვეყნების და ქალაქების მდებარეობას. ანუ თუ აფრიკის კონტინენტის პოლიტიკური რუქა კარგად იცი არ დაიკარგები…
შენობაში თითქმის ყველა სართულზეა უფასო კაფეტერია, სავსე გამაგრილებელი სასმელებით და ტკბილეულით. ფაბიანმა იხუმრა – ჩვენი ორგანიზაციის კანონია, თანამშრომლებს ყოველ 15 მეტრში ჰქონდეთ გლუკოზასთან ხელმისაწვდომობა, ორგანიზმში შაქრის დონის სწრაფად ასაწევად.
იქვე ეზოშია ქვიშის ფრენბურთის მოედანი, საცურაო აუზი, ორი ფეხბურთის მოედანი, ფიტნეს ჰოლი და სხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზები.
საათნახევრიანი ვიზიტის შემდეგ არავის უნდოდა წამოსვლა, ყველანი აღფრთოვანებულები და მოხიბლულებულები ვიყავით იქაურობით. ვფიქრობ მინიმალური წარმოდგენა მაინც შეგიქმენით გუგლში არსებულ მდგომარეობაზე, ყველაფერს ერთ პოსტში ვერ გადმოსცემ, ამიტომ შევხვდებით Google-ში.
სანდრო ხასია