ონლაინ შეხვედრებისას საუბრის ნებართვის მოპოვება ცოტა უხერხულია და მოუქნელიც — ან ემოჯით აჩვენებთ, რომ საუბარი გინდათ, თუმცა ამას საკმაოდ გვიან ამჩნევენ, ან მიკროფონი უნდა ჩართოთ და მაგალითისთვის ფრაზა „თუ შეიძლება ჩაგერთვებით“ უნდა გამოიყენოთ… Google კი ამის გამოსწორებას ჩვენთვის კარგად ნაცნობი, სკოლაში დამკვიდრებული და გამართლებული ხელის აწევის ფუნქციით ცდილობს.
ეს იმას ნიშნავს, რომ Google Meet-ში ჩართვისას საუბრის დასაწყებად მაუსზე ხელის შეხებაც კი არ დაგჭირდებათ. უბრალოდ ხელი უნდა აიწიოთ ისე, რომ კომპიუტერის ეკრანმა დაინახოს, ოღონდ ეცადეთ, სახეს ან ტანს არ ეფარებოდეს. ხელის ამოცნობის ფუნქციას სულ რამდენიმე წამი დასჭირდება თქვენ შესამჩნევად, რის შემდგომაც პატარა ნიშნული გამოჩნდება და მოდერატორებს ეტყვის, რომ საუბრის სურვილი გაქვთ.