in

Google Meet-ში ფონური ხმაურის დახშობის ფუნქცია ამოქმედდა

veon
veon

ვიდეოზარებისას, მით უფრო, თუ დახურულ სივრცეში არ ვიმყოფებით, ფონური ხმაური მნიშვნელოვან აუდიოდისკომფორტს წარმოშობს. გვიჭირს გვესმოდეს და გავაგებინოთ ვიდეოჩატის მოსაუბრეებს ჩვენი ხმა, რადგან ამაში ხელს ქარი, მანქანების მოძრაობა, ძაღლის ყეფა, მეზობლის რემონტი, ან სხვა ტიპის ხმაური გვიშლის.

Google-მა ვიდეოზარების პლატფორმა Google Meet-ისთვის, ფონური ხმაურის დახშობის ფუნქცია ჯერ კიდევ აპრილში დააანონსა, ხოლო დღეს, როგორც VentureBeat იუწყება, ეს ფუნქცია უკვე ამოქმედდა. მომხარებლისთვის ამ მოსახერხებელი სიახლის შესათავაზებლად Google-მა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. დასაწყისისთვის, Google Meet-ში გამართული ვიდეოზარებისას, ფონური ხმაურის დახშობას მისი ვებვერსიის გამოყენებისას შევძლებთ, მოგვიანებით კი ფუნქცია iOS-ისა და Android-ის მომხმარებელთათვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

VentureBeat-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელსაც ქვემოთ შეხვდებით, ნაჩვენებია თუ როგორ მუშაობს ფონური ხმაურის დახშობის ფუნქცია. მაგალითად, Google Meet-ში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი ბლოკავს ისეთ ხმაურსაც კი, როგორიცაა კალმის წკაპუნი, ჩიფსის შეფუთვის ჭრაჭუნი, ან ჭიქის წკარუნი. Google-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ისიც იყო ნათქვამი, რომ სისტემა ძაღლის ყეფის, კლავიატურაზე ბეჭდვის ხმის დახშობასაც შეძლებდა.

ცნობილია, რომ ამ ფუნქციის დასახვეწად Google წელიწადნახევარია მუშაობს. AI მოდელის გასაწვრთნელად მათ ათასობით შიდა ვიდეოზარი მოაწყეს.

აღსანიშნავია, რომ Google არ არის პირველი კომპანია, რომელიც დისტანციური კავშირისას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხმაურის დახშობას ცდილობს. თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით (მაგალითად, Nvidia’s RTX Voice software), Google ამ პროცესის მიმდინარეობას ქლაუდზე აყრდნობს, რაც ნიშნავს, რომ ფუნქციას შეეძლება გაცილებით მეტი სახის და თუნდაც, სუსტი მონაცემების მქონე მოწყობილობაზე იმუშაოს. მათ შორის სმარტფონებზე.

როგორც სატესტო ვიდეოშია ნათქვამი, Google Meet არ გაძლევთ იმის ვიზუალურ მინიშნებას, ჩართული გაქვთ, თუ არა ფუნქცია. თუმცა, თუ ხმის დახშობის გამორთვა მოგინდებათ, შესაბამის ობციას Google Meet-ის პარამეტრებსა და აუდიო მენიუში იპოვით.

ჯერჯერობით, ზუსტად არაა ცნობილი, რომელ გეოგრაფიულ ერთეულებში როდის ამოქმედდება ფუნქცია. თუმცა, ცხადია, მისი გამოყენება მომხმარებელთა ნაწილს უკვე შეუძლია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ გლობალურადაც მალე შევძლებთ ფონური ხმაურის დახშობის ფუნქციის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რა მოწყობილობიდან ჩავერთვებით Google Meet-ის ვიდეოშეხვედრას.

თიბისი თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას უკვე მეორედ სთავაზობს

მოძრავი ასო-ბგერა “H” არქიტექტურული კომპანია HORIZON-ის ლოგოდ – BRID-ის ბრენდინგ-ნამუშევარი