პროფესიული თვალსაზრისით, დღეისათვის ბევრი საზღვარია მოშლილი — თითქმის ყველა ინდუსტრია გლობალურ ტალანტს აერთიანებს და დისტანციურად მუშაობა ჩვეულებრივ მოცემულობად იქცა. ამგვარ გარემოში უამრავი დამატებითი საჭიროება ჩნდება, რათა სხვადასხვა ეროვნების თანამშრომლებმა შეუფერხებლად შეძლონ კომუნიკაციის დამყარება. სწორედ ამიტომ აფართოებს Google Meet სუბტიტრების ფუნქციას — კერძოდ, ონლაინ შეხვედრებზე ავტომატური ტრანსკრიპტი დამატებით 31 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, ამ ენებს შორის ქართულიცაა!
იმისათვის, რომ ე. წ. „დახურული სუბტიტრების“ ფუნქციით ისარგებლოთ, ქვედა ზოლში, სადაც სხვადასხვა აიკონია განთავსებული, ნახავთ „cc“ ნიშანს. სწორედ აქ შეძლებთ შესაბამისი ენის შერჩევას. აქედან ზოგიერთს აწერია, რომ ჯერჯერობით ბეტა ვერსიაში მუშაობს — შესაბამისად, ტექნიკური გიგანტი მათი ფუნქციონირების დახვეწას გეგმავს.
ქართულის გარდა, Google Meet-ს ეს ენები დაემატა: აფრიკული, ალბანური, ამჰარული, სომხური, ავსტრალიური ინგლისური, ბასკური, ბირმული, კატალონიური, ინგლისური (ინდოეთი), ინგლისური (ფილიპინები), ესტონური, სპარსული, ფილიპინური, გალისიური, უნგრული, იავური, ლატვიური, მაკედონიური, მონღოლური, ნეპალური, ნორვეგიული, სინჰალური, სლოვაკური, სლოვენური, სუნდური, ტამილური (ინდოეთი), ტელუგუ (ინდოეთი), ურდუ, უზბეკური და ზულუ.
განახლება უკვე ხელმისაწვდომია Google Workspace-ის ყველა მომხმარებლისთვის.