in

მანქანაში სქროლვისას გული თქვენც გერევათ? Google ამის მოგვარებას ცდილობს

Android-ის მომხმარებლებისთვის Google ახალ ფუნქციას, Motion Assist-ს ავრცელებს. ის იმ ადამიანებს გამოადგებათ, რომლებიც ავტომობილით მგზავრობისას ტელეფონის გამოყენებას ვერ იტანენ, გული ერევათ და დისკომფორტი აქვთ.

ფუნქცია ამ ეტაპზე Android 17-ზე მომუშავე ზოგიერთ Pixel მოწყობილობაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მისი გავრცელება ეტაპობრივად მიმდინარეობს და ყველა თავსებად ტელეფონზე ჯერ არ გამოჩენილა.

Motion Assist-ის გააქტიურების შემდეგ ეკრანის კიდეებზე მცირე, მოძრავი ინდიკატორები ჩნდება. ისინი ავტომობილის მოძრაობას მიჰყვება და აჩქარების, დამუხრუჭების ან მოხვევის დროს შესაბამისი მიმართულებით გადაადგილდება. ამასთან, ინდიკატორები ეკრანის ძირითად შინაარსს არ ფარავს.

როგორ ამცირებს Motion Assist მგზავრობისას გულისრევას?

როდესაც მგზავრი მანქანაში შეტყობინებას კითხულობს ან ვიდეოს უყურებს, თვალი თითქმის უძრავ ეკრანს ხედავს, მაშინ როცა სხეულის სხვა სისტემები ავტომობილის მოხვევას, რყევას ან სიჩქარის ცვლილებას აღიქვამს.

შედეგად, ტვინი მოძრაობასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალებს იღებს, რამაც შესაძლოა გულისრევა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა და ზოგადი დისკომფორტი გამოიწვიოს.

Motion Assist ცდილობს, ეს სხვაობა შეამციროს და მომხმარებლის მხედველობის არეში ავტომობილის მოძრაობის შესაბამისი ვიზუალური მინიშნებები დაამატოს. ამისთვის Android-ის მთელ ინტერფეისს არ ცვლის, მოძრავი ნიშნები მხოლოდ ეკრანის კიდეებზე ჩნდება.

ინდიკატორების მოძრაობას ტელეფონის სენსორები უზრუნველყოფს. აქსელერომეტრი და გიროსკოპი მოწყობილობის მოძრაობისა და ორიენტაციის ცვლილებებს აფიქსირებს, რის საფუძველზეც ეკრანზე გამოსახული ნიშნებიც რეაგირებს.

მომხმარებლებს შეუძლიათ ინდიკატორების გარკვეული პარამეტრების შეცვლაც, მათ შორის ფორმის, ფერისა და გამჭვირვალობის. 

Motion Assist-ის ჩართვა შესაძლებელია Android-ის Quick Settings-იდან. მომხმარებელს შეუძლია ფუნქციის ავტომატურად გააქტიურებაც, როდესაც ტელეფონი დაადგენს, რომ მოწყობილობა ავტომობილში გადაადგილდება.

Google-ის იდეა ახალი არ არის

Motion Assist-ის მსგავსი ტექნოლოგიის განვითარებაზე Google ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მუშაობდა. მსგავსი ფუნქცია Apple-მა უფრო ადრე, 2024 წელს iOS 18-ის გამოშვებასთან ერთად წარადგინა. 

ორივე ტექნოლოგია ერთსა და იმავე პრინციპს ეფუძნება: თუ მგზავრი ავტომობილში ეკრანს უყურებს, ეკრანმა მას მოძრაობის შესახებ დამატებითი ვიზუალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

თუმცა არც Google-ის და არც Apple-ის ფუნქცია სამკურნალო საშუალებად არ უნდა ჩაითვალოს. ადამიანების მგრძნობელობა განსხვავებულია და მხოლოდ ვიზუალური მინიშნებები ყველა ფაქტორის აღმოფხვრას ვერ შეძლებს. ზოგიერთ შემთხვევაში კვლავ უფრო ეფექტური შეიძლება იყოს ჰორიზონტისკენ ყურება და ეკრანზე ხანგრძლივი, ინტენსიური აქტივობის შემცირება.

ამ ეტაპზე ფუნქცია ძირითადად Pixel მოწყობილობებზე ვრცელდება. Google-ს Android-ის სხვა მწარმოებლების მოწყობილობებზე Motion Assist-ის ხელმისაწვდომობის გაფართოების კონკრეტული ვადები ჯერ არ დაუსახელებია.

IKEA-ს ახალი ბილბორდები: იდეალური წესრიგი და დამალული არეულობა

თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის – აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები