მსოფლიო ჩემპიონატის თითქმის ყოველ დღეს Google მომხმარებელს ახალ, სპეციალურად შექმნილ დუდლებს სთავაზობს, რისთვისაც ბრენდის დიზაინერები ნამდვილ საფეხბურთო ისტორიკოსებად იქცნენ. მიმდინარე ჩემპიონატის აღსანიშნავად კომპანიამ 180-ზე მეტ ბაზარზე 69 უნიკალური დუდლი წარადგინა, მათ შორის 28 სრულიად გამორჩეული ხელოვნების ნიმუშია. ეს მასშტაბური კამპანია ტურნირის გახსნის დღეს, 11 ივნისს დაიწყო და მოიცავს ლოკალურ დუდლებს, სპეციალურ ინტერაქტიულ სიურპრიზებსა და ნაკრებებთან თუ ყოფილ მწვრთნელებთან კოლაბორაციით შექმნილ ნამუშევრებს. კომპანიის გლობალური ბრენდინგისა და კრეატივის ვიცე-პრეზიდენტი ჯონათან ჯონსონგრიფინი აღნიშნავს, რომ ეს არის ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და კოორდინირებული პროექტი, რაც კი ოდესმე ერთი კონკრეტული სპორტული მოვლენისთვის მიუძღვნია.
მოძრაობის ხელოვნება
კამპანიის მთავარი მიზანი გულშემატკივართა რეალურ განწყობებთან მაქსიმალური თანხვედრა იყო. ამისთვის კრეატიულმა გუნდმა მუშაობა ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, რათა შეესწავლა წარსული ჩემპიონატების ტრენდები და საძიებო სისტემის შედეგები იმ პატერნების აღმოსაჩენად, რომლებიც წელსაც შეიძლებოდა გამეორებულიყო. დიზაინერების ხედვით, სპორტულ ვიზუალებში უმნიშვნელოვანესია ქუჩებისა და სტადიონების რეალური ენერგიის ასახვა.
ამ იდეაზე დაყრდნობით შეიქმნა სერია სახელწოდებით მოძრაობის ხელოვნება, რომელმაც ფეხბურთის 16 ყველაზე ცნობილი ილეთი ფერად ანიმაციებად აქცია, მათ შორის მაკრატელა დარტყმა, ვარდნა და შორეული ვოლეი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დუდლების გამოქვეყნება წინასწარ გაწერილი გეგმით მიმდინარეობდა, გრაფიკი ხშირად იცვლებოდა რეალურ დროში მიმდინარე საფეხბურთო დისკუსიების დასაფიქსირბლად. მაგალითად, 11 ივნისს მექსიკელმა ხულიან კინონესმა ჩემპიონატის პირველი გოლი სამხრეთ აფრიკელი მეკარისთვის ბურთის ფეხებს შორის გატარებით გაიტანა, რის გამოც Google-მა მომდევნო დღესვე წარადგინა ამ ილეთის ამსახველი სპეციალური დუდლი.
გუნდისთვის სპორტის ყველაზე ლამაზი მომენტები ფიზიკისა და ადამიანური თვითგამოხატვის თანაკვეთაა, იქნება ეს მაკრატელა დარტყმისას ჰაერში წამიერი გაჩერება თუ ფეხებს შორის ბურთის მოულოდნელი გატარება. ამ ასაფეთქებელი დინამიკის ხელოვნების ნიმუშად ქცევისას დიზაინერებმა შეისწავლეს კლასიკური სპორტული ფოტოგრაფია, კინემატოგრაფია და კონსულტაციები გაიარეს ყოფილ ათლეტებთან და მწვრთნელებთან, რათა თამაშის დაძაბულობა მობილური ტელეფონის მცირე ეკრანზეც მაქსიმალურად რეალისტურად გამოჩენილიყო.
ეროვნული სიმბოლიკა და ინტერაქციული სიურპრიზები
კამპანიის მეორე მიმართულება გულშემატკივრების ეროვნული სიამაყის გაძლიერებას ემსახურება. დიზაინერებმა შექმნეს ოფიციალური ფედერაციების სამკერდე ნიშნებისა და კულტურული მოტივების ილუსტრაციები სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის ამერიკის, კანადის, არგენტინის, გერმანიის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ინგლისის, ესპანეთის, ბრაზილიის, შოტლანდიის, მექსიკისა და იაპონიისთვის. ეს ვიზუალები ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ზუსტად იმ დღეებში აქტიურდება, როცა მათი ეროვნული ნაკრები მატჩს მართავს. პროექტზე მუშაობისას გუნდი იკვლევდა ვინტაჟურ და თანამედროვე ემბლემებს, ისტორიულ საგვარეულო ნიშნებსა და ნაციონალურ იკონოგრაფიას.
Google-მა საძიებო სისტემაში მოულოდნელი მომენტებისთვის განკუთვნილი ინტერაქტიული სიურპრიზებიც ჩააშენა. მაგალითად, 15 ივნისს, ესპანეთის წინააღმდეგ კაბო-ვერდეს მეკარე ვოზინიას მიერ განხორციელებული შთამბჭდავი სეივების სერიის შემდეგ, მისი სახელის ძებნისას ეკრანზე ბურთების მოგერიების ანიმაცია ჩნდებოდა. ხოლო 22 ივნისს, როდესაც ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გოლების აბსოლუტური რეკორდი მოხსნა, მის სახელს კონფეტის ღილაკი დაემატა, რომელსაც მომხმარებლებმა ორ დღეში 21.4 მილიონზე მეტჯერ დააჭირეს. Google-ის ეს კამპანია საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა განსაზღვროს მარკეტინგის ტონი ფანების ქცევამ, რათა ბრენდი აუდიტორიის გვერდით ყოველთვის ბუნებრივად, დროულად და მხიარულად გამოჩნდეს.
წყარო: Fastcompany













