მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ChatGPT-ს ჯერ კიდევ იხსენიებენ, როგორც „რაღაც“ ახალ ხელოვნური ინტელექტის მოდელს, Google-ს ახალი, შთამბეჭდავი ალგორითმი აქვს ჩვენთვის. ტექნოლოგიური გიგანტი MusicLM-ზე საუბრობს, ახალ სისტემაზე, რომელიც მარტივ ტექსტს ნებისმიერ მუსიკალურ ჟანრში გადაიყვანს.
ბუნებრივია, ეს არ არის პირველი მუსიკის AI, Google-მა ადრე AudioML-ით, ხოლო ChatGPT-ს მშობელმა კომპანია OpenAI-მ Jukebox-ით სცადა. MusicLM-ს კი მათგან 280 000-საათიანი მუსიკალური სასწავლო მონაცემთა ბაზა განასხვავებს. ეს სისტემას შთამბეჭდავად მრავალფეროვანი მუსიკის შექმნის საშუალებას აძლევს. აერთიანებს ჟანრებსა და ინსტრუმენტებს, მელოდიებს კი ისეთი აბსტრაქტული კონცეფციებით უხამებს ერთმანეთს, რომლებსაც, როგორც წესი, ჩვეულებრივი სისტემები ვერ ხვდება.
მეტიც, MusicLM-ს ადამიანის ღიღინიდან, სტვენიდან ან უბრალოდ ნახატის აღწერილობიდან შეუძლია სიმღერის შექმნა. ამგვარად, მკვლევრებმა მელოდიები ისეთი ხელოვნების ნიმუშებიდან შემოგვთავაზეს, როგორებიცაა ანრი მატისის ნახატი „ცეკვა“, ედვარდ მუნკის „კივილი“ და ჟაკ-ლუი დავიდის Napoleon Crossing the Alps. ახალ სისტემას story mode-იც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე აღწერილობის შეერთებაა შესაძლებელი.
თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ MusicLM-ის მიერ შექმნილი ყველა მუსიკა არ არის საუკეთესო, ზოგიერთი ზედმეტად დაუხვეწავიც კია… ეს Google-შიც იციან, ამიტომ სისტემის გამოშვებას უახლოეს მომავალში არ გეგმავენ, თუმცა მანამდე საავტორო უფლებების საკითხიც უნდა მოაგვარონ…