გუგლის უახლესი სურათების გენერირების მოდელი Gemini 3 Pro-ზეა აგებული და “თქვენი ხედვის სტუდიური დონის დიზაინად გადაქცევას გპირდებათ, უპრეცედენტო საკონტროლო ფუნქციებით, ტექსტის უნაკლო რენდერითა და გაუმჯობესებული ცოდნით”. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ უკვე გლობალურად ჩაეშვა და ყველასთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი Gemini-ის აპლიკაციაში.
როგორც აცხადებენ, Nano Banana Pro კონტექსტურად მდიდარი ინფოგრაფიკებისა და დიაგრამების შექმნაში დაგეხმარებათ, რაც, თავის მხრივ, ისეთი რეალური დროის ინფორმაციების ვიზუალიზაციას შეგაძლებინებთ, როგორებიცაა ამინდი და სპორტი.
რაც შეეხება ტექსტების რენდერის უნარს, იქნება ეს მოკლე სლოგანი თუ გრძელი აბზაცი, ამ ფუნქციით პოსტერებისა და მოსაწვევების გენერირებისთვის იდეალური ხელსაწყო ხდება. თანაც, თარგმნის უნარიც აქვს სხვადასხვა ენაზე. მრავალი ელემენტის ერთ კომპოზიციაში გაერთიანებაც შეუძლია, 14-მდე სურათისა და ხუთამდე ადამიანის გამოყენებით.

გამომდინარე იქიდან, რომ რედაქტირებასაც ხდის შესაძლებელს, Nano Banana Pro ახალ, გაუმჯობესებულ საკონტროლო ფუნქციებსაც გვპირდება — ამგვარად, შეგიძლიათ აირჩიოთ და ადგილობრივად დაარედაქტიროთ სურათის ნებისმიერი ნაწილი, შეუსაბამოთ კამერის კუთხე, შეუცვალოთ ფოკუსი, ფერი თუ განათება. შედეგად კი 4K რეზოლუციის გამოსახულებას მიიღებთ, რომელიც სხვადასხვა თანაფარდობის მხარდაჭერას შემოგთავაზებთ.

აღსანიშნავია, რომ Nano Banana Pro მოდელით შექმნილ თუ რედაქტირებულ სურათებს C2PA-ს მეტამონაცემები ექნება, რაც გენერაციული AI-სა თუ ე. წ. დიფფეიქების დაფიქსირებას გაამარტივებს, როგორც საძიებო შედეგებში, ისე სოციალური მედიის ანგარიშებზე. ცოტა ხნის წინ კი ამგვარი მონაცემების დამატების შესახებ ტიკტოკმაც გვაცნობა…












