მართალია, გუგლის ანდროიდის დიზაინის ენის შესახებ სიახლეებს მომავალი Google I/O-ის დეველოპერთა კონფერენციიდან ველოდით, მაგრამ უცბად ბლოგი გამოაქვეყნეს და მინიშნებები მოგვცეს სამომავლო ცვლილებების შესახებ. ბლოგი მალევე კი წაშალეს, მაგრამ საჭირო ინფორმაციები მაინც გავიგეთ. Material 3 ახლა უკვე Material Design 3 Expressive-ის სახელით მოგვევლინება და გუგლი ისეთი ინტერფეისების შექმნაზე ფოკუსირდება, რომლებიც ადამიანებს ემოციურ დონეზე დაუკავშირდება.
Material 3 Expressive არსებულ Material Design 3-ის ჩარჩოზე აიგება, თუმცა მომხმარებლებზე მეტად მორგებული ინტერფეისით. კვლევის 46 რაუნდის ჩატარების შემდეგ, რაც 18 000 მონაწილეს ფარავს, ახალი დიზაინი მიზნად ისახავს, ციფრული ნავიგაცია მეტად ინტუიციური და ვიზუალურად გამორჩეული გახადოს. ამიტომაც, ამ საქმეზე მომუშავე გუნდი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს მომხმარებელი ფორმასთან, ფერთან, მოძრაობასა და იერარქიასთან.
როგორც ამბობენ, აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით 45 წელს გადაცილებულ მომხმარებლებს ეხება, რომლებსაც თანამედროვე ინტერფეისთან ურთიერთობა უფრო მეტად უჭირდათ…
ბლოგის მიხედვით, აქ საქმე უბრალოდ ვიზუალურ განახლებაში კი არა, ფილოსოფიურ ცვლილებაშია. იმის ნაცვლად, რომ Android 12-ში წარმოდგენილი Material You დაევიწყებინათ, Material 3 Expressive ავითარებს მას იმით, რასაც გუგლი „ემოციური დიზაინის ნიმუშებს“ უწოდებს. ეს ახალი ელემენტები კი მიზნად ჩართულობის ზრდას ისახავს ისე, რომ მომხმარებლის ქცევასთან უფრო დინამიკურად ადაპტირდეს.
ყველაზე ხელშესახებ ცვლილებებს შორისაა სისტემის სიმბოლოებისა და პარამეტრების მენიუს განახლება. როგორც ამბობენ, სამუშაო რეჟიმშია განახლებული ბატარეის ინდიკატორი, რომელსაც ჰორიზონტალური განლაგებით, მომრგვალებული კუთხეებით, წითელი და მწვანე ფერებით შევხვდებით. შრიფტის განახლებაც მოსალოდნელია, რათა თანამედროვე, ინკლუზიური დიზაინი შესთავაზონ მომხმარებლებს.
უფრო დეტალურ ინფორმაციას კი ამ ამბის შესახებ 20 მაისს მივიღებთ, რა დროსაც გუგლის ორდღიანი ღონისძიება დაიწყება.