მუდმივად მზარდი Google Password Manager ახლა პაროლი გაზიარების ფუნქციას ნერგავს — შედეგად, ამიერიდან შეგვეძლება, პაროლები Google Family-ის ჯგუფში მყოფ წევრებს გავუზიაროთ.
იმისათვის, რომ აღნიშნული ფუნქციით ისარგებლოთ, პირველ რიგში უნდა შექმნათ Google Family Group. შემდეგ კი მოძებნოთ „გაზიარების“ ღილაკი Google Password Manager-ის ყველა ჩანაწერის გვერდით. ამ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ, აირჩევთ ოჯახის წევრებს, გუგლი კი თქვენ მიერ არჩეულ ავტორიზაციას დაამატებს მათ ანგარიშებზე.
Google Password Manager-ზე წვდომა შესაძლებელია როგორც სმარტფონიდან, ისე დესკტოპის ბრაუზერიდან, თუმცა ჯერჯერობით პაროლის გაზიარების ფუნქცია შეზღუდულია მობილური მოწყობილობებიდან.
მართალია, ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური კომპანიები სულ უფრო მეტს საუბრობენ პაროლების დაბალი უსაფრთხოების შესახებ, თუმცა ალბათ ჯერ კიდევ შორს ვართ „ამ ეპოქის“ დასასრულისგან. ამიტომაც გუგლი გამოსადეგი და მომხმარებლებისთვის მოსახერხებელი ფუნქციების დანერგვაზე ზრუნავს.